გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა სცადა.
„პრეზიდენტმა პუტინმა ევროპის წინააღმდეგ ბირთვული მუქარა განახორციელა და დაუფიქრებლად უგულებელყო [ბირთვული იარაღის] გაუვრცელებლობის რეჟიმი. ახლა რუსეთი უფრო მეტ ჯარისკაცს რთავს ბრძოლაში, ხოლო კრემლი ფიქტიურ რეფერენდუმს აწყობს უკრაინის ნაწილების ანექსიის მიზნით, რაც გაეროს წესდების უკიდურესად მნიშვნელოვანი დარღვევაა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„უკრაინას იგივე უფლებები აქვს, რაც ყველა სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვიქნებით. წერტილი“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.