ავტორი მარიამ პაიჭაძე
მუსიკოსი დათო ევგენიძე "Check in Georgia"-ს წარმატებულ პროექტად მიიჩნევს. ამის შესახებ ევგენიძე "რეპორტიორს" ესაუბრა. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ქართველი მუსიკოსებისთვის, ისე ტურიზმის განვითარებისა და ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.
„Check in Georgia" საკმაოდ სერიოზული პროექტია, ძალიან ბევრი სტუმრით. ჩატარდა საკმაოდ წარმატებულად. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურისტების მოზიდვას.
ძალიან ბევრი უცხოელი ვარსკვლავი ჩამოვიდა „Check in Georgia"-ს ფარგლებში, ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რამაც, რა თქმა უნდა, მასმედიის დიდი ყურადღება გამოიწვია", - განაცხადა დათო ევგენიძემ.
აქვე მუსიკოსი ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში ქართველ მუსიკოსებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ სცენით და გაემართათ კონცერტები, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქართველ მუსიკოსებს მიეცათ იმის საშუალება, რომ „Check in Georgia"-ს ფარგლებში გამოეყენებინათ სცენა.
ბათუმის პარალელურად, ქართველი მუსიკოსების კონცერტები ტარდებოდა რეგიონებში. ეს კონცერტები იმართებოდა ისეთ ადგილებში, რომლის მოსახლეობისთვისაც ლამის მიუწვდომელია ვარსკვლავების კონცერტებზე დასწრება, ასე რომ, თვითონ ქართველი, პოპულარული მუსიკოსები ჩადიოდნენ ასეთ რეგიონებში და მართავდნენ კონცერტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
მე უკვე მქონდა ორი კონცერტი „Check in Georgia"-ს ფარგლებში, ერთი ამბროლაურში, მეორე მესტიაში. ასევე მექნება კონცერტები ოზურგეთსა და ყაზბეგში. ბათუმში დამითმეს სცენა, მაგრამ არ გამიმართლა, სამწუხაროდ, იმ დღეს დაიქცა ბათუმი და ჩამეშალა ეს კონცერტი, მაგრამ მეორე დღეს ჩავატარეთ კონცერტი „Take Five"-ში.
საქართველო ისეთი მდიდარია ნიჭიერი მუსიკოსებით, დარწმუნებული ვარ, ისინი რომ დაბადებულიყვნენ ევროპაში ან ამერიკაში, არანაკლები, თუ მეტი არა, ვარსკვლავები იქნებოდნენ. ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე მხოლოდ იმას ვცდილობთ, ქვეყანა ავაშენოთ. ამიტომ, მუსიკოსებს ყურადღება სჭირდებათ ამ დაძაბულ პოლიტიკურ სივრცეში", - განაცხადა დათო ევგენიძემ.