ავტორი სოფო ხუგოიანი
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პირველი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, ეს არის გამარჯვება.
ამის შესახებ ვაშაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში განაცხადა.
„რეპორტიორს" ამ თემაზე თბილისის საკრებულოს წევრი კობა კობალაძე ესაუბრა. მისი თქმით, ნაციონალები თავს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებას იმიტომ აძლევენ, რომ გარკვეულ პირებს სათანადოდ არ აგებინეს პასუხი თავიანთ ქმედებებზე.
„არც ისე დიდი ხანია გასული, რაც ნაციონალების მმართველობა დასრულდა. ჩვენს თანამოქალაქეებს არ დავიწყებიათ „ნაციონალური მოძრაობის" დროს ხალხის უფლებების შელახვის ფაქტები და მათი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. აქედან გამომდინარე, იმის განცდა, რომ ნაცებს რეაბილიტაციის შესაძლებლობა აქვთ და სახელისუფლებო სადავეებთან ისევ არიან მოსასვლელები, ვფიქრობ, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. შეიძლება, ისინი თავს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლებას იმიტომ აძლევენ, რომ გარკვეულ პირებს სათანადოდ არ აგებინეს პასუხი თავიანთ ქმედებებზე. დაუსჯელობის სინდრომი ძალიან ღრმად ჯდება ადამიანის ცნობიერებაში. არჩევანს აკეთებს ხალხი და მან ეს არჩევანი 2012 წელს გააკეთა. შეიძლება საჭიროა რაღაც კორექტირებები, მაგრამ ქვეყანა განვითარებისკენ მიდის, არც იმ ნაკლოვანებებზე საუბრის ეშინია ვინმეს, რაც დღეს გამოსასწორებელია", - განაცხადა კობალაძემ.