„ჩვენი ახალგაზრდები ხვიჩა კვარაცხელია, დავითაშვილი, მამარდაშვილი უნიჭიერესი ადამიანები არიან და მინდა წარმატებები ვუსურვო მათ. ხვიჩა ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ტამაშობს იტალიაში, დიდი ტრადიციების მქონე კლუბია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ხვიჩა არის უნიჭიერესი ფეხბურთელი. ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია მას.
„მე რაც მახარებს და იმედს მაძლევს, რომ ის კიდევ უფრო განვითარდება და კიდევ უფრო წარმატებული იქნება, არის ის რომ, ის არის ძალიან შრომისმოყვარე და თავმდაბალი ადამიანი. იცის შრომის ფასი, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ფეხბურთელისთვის. დარწმუნებული ვარ იტალიაში კიდევ უფრო გაიზრდება, კიდევ უფრო დაეხმარებიან, როგორ ითამაშოს სწორად ტაქტიკური თვალსაზრისით. იტალიაში ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და დარწმუნებული ვარ, მას დაეხმარება მომდევნო წლებში. გულწრფელად მინდა ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის არის ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგება და ხვიჩას ამის ძალიან დიდი რესურსი და შანსი აქვს.
იყო ზარები კვარაცხელიასთან დაკავშირებით, თუმცა ამაზე ღიად არ ვსაუბრობდი ვიდრე ტრანსფერი განხორციელდებოდა. პირველი კომუნიკაცია მქონდა გატუზოსთან, ასევე „ნაპოლის“ ტექნიკურ დირექტორთან და როდესაც ვისაუბრეთ ხვიჩა კვარაცხელიაზე, მაშინვე გამოითქვა ძალიან დიდი სურვილი და მზაობა მის გადაყვანასთან დაკავშირებით. შეკითხვები იყო მისი შესაძლებლობებზე. რა თქმა უნდა, ისინი ყველა თამაშს აკვირდებოდნენ, თუმცა ჩემი მოსაზრებაც აინტერესებდათ. ხვიჩას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩემგან. ეს იყო ის რეალობა რასაც ვხედავდი და რაც წარმომედგინა. მე ჩემი დამოკიდებულება და შეხედულება ვუთხარი ხვიჩას სიძლიერესა და ტალანტზე. ეს იყო ჯერ კიდევ პანდემიამდე, მაშინვე იყო უკვე მზაობა, თუმცა მაშინ სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ „ნაპოლისთან“ და გარკვეული დროით გადაიდო ტრანსფერი. მალდინთან მქონდა ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ კითხვა მქონდა, თუ ჰქონდათ მათ ინტერესი. მაშინ თავი შეიკავეს და მესმის რატომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ კონკრეტულ პოზიციაზე ჰყავთ ლეაო, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია ამ პოზიციაზე და ამის გამო. ხვიჩამ ძალიან მაგრად დაიწყო. ეს არ არის მარტივი იტალიის ჩემპიონატში. ერთ-ერთი რთული ჩემპიონატია მითუმეტეს იმ პოზიციაში, რომელშიც ხვიჩა თამაშობს და ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა. ძალიან შეუყვარდა გულშემატკივარს, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ძალიან მაგარი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც დარწმუნებული ვარ ტაქტიკურად კიდევ უფრო გაზრდის ხვიჩას და დაეხმარება იმაში, რომ უფრო მეტი ენერგია შეინარჩუნოს მოედანზე. დარწმუნებული ვარ, ის იქნება წარმატებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.