logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია GDS-ი დატოვა
- +

23 აგვისტო. 2016. 21:50



ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის პროდიუსერმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია დატოვა.


ტელეკომპანიის  დატოვების მიზეზების გასარკვევად 2030.news-მა ვასილ მაღლაფერიძეს რამდენიმე კითხივთ მიმართა.


- ადასტურებთ, რომ დატოვეთ "ჯიდიესი"?


- დიახ, საბოლოოდ გადაწყდა, რომ აღარ გაგრძელდება ჩემი კონტრაქტი.


- რა გახდა წასვლის მიზეზი?


-ტელევიზიის ხელმძღვანელობას აქვს საკუთარი აზრი და ხედვა, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ტელევიზია და როგორი უნდა გახდეს ის სამომავლოდ. ეს არის ჩამოყალიბებული და მწყობრი კონცეფცია, მაგრამ ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის არ არის საინტერესო. უფრო სხვაგვარი ტელევიზია მაინტერესებს, მაგრამ ჩემს ფუნქციაში და უფლებამოსილებაში მხოლოდ აზრის გამოთქმა შედიოდა და ტელევიზიის მომავალზე გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი. სამაგიეროდ შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო საკუთარ თავთან დაკავშირებით და მივიღე კიდეც. ამასობაში კონტრაქტიც სრულდება და ჩვენ ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს. მეც კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედი და, როგორც ჩანს, არც "ჯიდიესის" დირექციაა უკმაყოფილო.


- ანუ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია?


-პიროვნული კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ პროფესიული დავა და პროფესიული კონფლიქტი რასაკვირველია იყო, ორივე მხარე ვიცავდით საკუთარ პოზიციას. თუმცა, როცა დავინახეთ, რომ ჩვენი ერთად მუშაობა პროდუქტიული არ იქნებოდა, შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ და დავშორდით ერთმანეთს.


- ტელეკომპანიია ხელმძღვანელობისგან განსხვავებული ხედვების გამოთქვენ დატოვეთჯიდიესი", როგორ მოიქცევიან თქვენი გუნდის წევრები?


- რას ნიშნავს ჩემი გუნდი?! საითაც წინამძღოლი წავა, დანარჩენებიც რომ იქით გაფრინდებიან, მასე ბატების გუნდი იქცევა. არანაირი ჩემი გუნდი არ არსებობს, არიან თავისუფალი ადამიანები, საქმის პროფესიონალები, რომლებიც ასრულებენ თავის მოვალეობას, რომელთაც უყვართ თავისი საქმე. მე მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მუშაობის პატივი მქონდა და მათი სახით ახალი მეგობრები შევიძინე. ჩვენ გვქონდა ბევრი კარგი დღე და ერთად დაგვატყდა დიდი ტრაგედია, როცა დაგვეღუპა მეგობარი და მაგარი ჟურნალისტი ზვიად თხელიძე, რამაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა, მაგრამ ჩემი წასვლა, რასაკვირველია, არ აისახება და ან რატომ უნდა აისახოს დანარჩენების საქმიანობაზე?! მათ თავისი საქმე აქვთ, და, ცხადია, ისინი ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. არც მე და არც ჯიდიესის ხელმძღვანელობას ერტმანეთთან თანამშრომლობის სურვილი აღარ გვაქვს, სულ ეს არის და ამას არანაირად არ უკავშირდება მეგობრობის თემა! ძალიან უინტერსო და არაგანვითარებადი იქნებოდა ცხოვრება, ყველა მეგობარი რომ ერთ დაწესებულებაში მუშაობდეს, მით უმეტეს, საქართველოში. თუმცა, რასაკვირველია, გამიხარდება, თუ ჩვენი პროფესიული გზები ოდესმე  ისევ გადაიკვეთება.


- თქვენ 2012 წელსაც ასევე მოულოდნელად დატოვეთ მე-9 არხი  მაშინ ან ახლა ბიძინა ივანიშვილთან თუ გქონდათ საუბარი და მასთან თუ შეათანხმეთ ეს გადაწყვეტილება?!


- არც მე-9 არხიდან წამოსვლისას და არც ახლა ბიძინა ივანიშვილთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. არც ვფიქრობ, რომ მას ეს საკითხი ეხება. ასეთი საკითხების მოსაგვარებლად არსებობს ტელევიზიის დირექცია. რაც შეეხება მოულოდნელობას, ჩემი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა მათთვის, ვისაც ეს უნდა ცოდნოდა და რამენაირად ეხებოდა. მოულოდნელი არ იყო არც ჩემთვის, ამ თემაზე რამდენიმე თვეა ვფიქრობ. ფაქტობრივად, ორი სამი თვის წინ გადაწყდა, რომ "ჯიდიესიდან" მოვდიოდი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე არ მაქვს მასთან ხშირი კომუნიკაცია და ვერც იმის აუცილებლობას ვხედავდი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებოდ მომენდომებინა მასთან შეხვედრა, მით უმეტეს, რომ ეს არაფერს შეცვლიდა. მე მუდმივი საქმიანი ურთიერთობა  მქონდა დირექციასთან, ვინც განსაზღვრავს და ახორციელებს არხის პოლიტიკას და ჩვენ ერთობლივად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე.


- თუმცა, ხომ ცხადია, რომ ჯიდიესის დირექცია არხის სამომავლო გეგმებს და პოლიტიკას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა და ამას აუცილებლად შეათანხმებდა მის მფლობელთან?


- წესით ასე უნდა ხდებოდეს და ალბათ ასეც ხდება, თუმცა, არ მაქვს ინფორმაცია, ეს პროცესი როგორ ხორციელდება, მე მასში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. ჩემს თვალსაწიერში ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის მუშაობაში არასდროს ჩარეულა.


- რადგან ვთანხმდებით, რომ დირექცია სამომავლო გეგმებს ათანხმებდა ბიძინა ივანიშვილთან, გამოდის, რომ თქვენ მხოლოდ დირექციას კი არა, ბიძინა ივანიშვილსაც არ ეთანხმებით ტელევიზიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. . .


- კი ბატონო, ლოგიკურად ასე გამოდის, მერე რა?! არ ვეთანხმები და ნუ ვეთანხმები, რა ვუყოთ მერე? ადამიანები ხან ვეთანხმებით ერთმანეთს, ხან არ ვეთანხმებით. "ჯიდიესი" არის ივანიშვილის ტელევიზია, ამიტომ ბუნებრივია, "ჯიდიესის" მომავალს იგი ისე განსაზღვრავს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, მე კი ჩემი ცხოვრებას დავგეგმავ ისე, როგორც უკეთესი და საინტერესო მგონია. მე "ჯიდიესში" გარკვეული ვადით მქონდა კონტრაქტი, მუდმივი აბონემენტი კი არ ამიღია. მორჩა, ამოიწურა ეს კონტრაქტი და წამოვედი.


-და მაინც, თქვენ დატოვეთ სამსახური, კარგი ხელფასი, შეჩვეული გარემო ალბათ წყენა მაინც მიგყვებათ?


-როდესაც რაღაც გინდა და ვერ აკეთებ, ცხადია, გწყინს, მეც ასე ვარ, მაგრამ ხელი კი არ მაქვს ჩაქნეული, კიდევ ვცდი, სხვაგან ვცდი. დღეს აღარ არის სივრცე ჩაკეტილი. სიმართლე გითხრათ, ბიძინა ივანიშვილისთვის არსდროს შემიხედავს ჩემი დასაქმების პრიზმიდან და ვერც ტელევიზიიდან ჩემი წამოსვლის გამო შევიცვლი აზრს, მიუხედავად იმისა, რაში ვეთანხმები, თუ არ ვეთანხმები. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, 2012 წელს საქართველოში თუ საბოლოოდ არა, დიდი ხნით დაისადგურებდა  შიშსა და ძალადობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კერპთყვანისმცემლობა. ცოტაც და ეს პროცესი სრულიად შეუქცევადი გახდებოდა. ბევრ ოჯახს და მათ შორის ჩემსასაც, გაცილებით მძიმე პრობლემები გვექნებოდა, ვიდრე ჩემი სამსახურიდან წამოსვლაა. დღეს მე სამსახურიდან წამოვედი, რადგან ვერ შევთანხმდით გემოვნებაზე, მერე რა, აქ ვერ შევთანხმდით, სხვაგან შევანხმდებით. მაღალი კონკურენციაა, ერთ ტელევიზიაში თუ ვერ გააკეთებ, მეორეში გააკეთებ. ახალს გახსნი. მთავარი ის არის, რომ თავი დავაღწიეთ ცენზურას, როდესაც ყველა ტელევიზია ერთი და იმავე სიუჟეტებს გადასცემდა. ასე რომ, ეს არ არის ის წყენა, რომელიც დარდად გადამექცევა. ნამდვილად არ მაქვს იმის შიში, რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ შევძლებ. ადამიანებს ასე გვჩვევია და მეც, რასაკვირველია, მერჩივნა, ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც მე მიმაჩნდა სწორად, თუმცა, შეიძლება, ასე სჯობს კიდეც და კარგია, რომ წამოვედი. მიუხედავად ფრთიანი გამოთქმისა, რომ გემოვნებაზე არ დაობენო, სინამდვილეში სწორედ გემოვნებაზე დაობენ და კამათობენ ყველაზე მეტს. ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ვიდავეთ, ვიკამათეთ, ერთმანეთი ვერ დავარწმუნეთ, საკუთარ პოზიციებზე დავრჩით და ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს. საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო... თუ იმას ვერ გავაკეთებდი, რაც მაინტერესებს, ხომ მაქვს უფლება, არ ვაკეთო ის, რაც არ მაინტერესებს. ჰოდა, მეც გამოვიყენე ეს უფლება...


-დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ, რას აპირებთ?


-ვიზამ რაცხას! ერთი ანეკდოტის არ იყოს, დავჯდებოდი და დაწვრილებით მოგიყვებოდით ჩემი გეგმების შესახებ, მაგრამ იმდენი მნიშვნელოვანი ამბავი ხდება, ვის ცალია ჩემი გეგმების მოსასმენად, ისედაც გაგვიგრძელდა საუბარი.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner