საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ყოფილი დირექტორის ბაია გადაბაძის ბოლოდროინდელი განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება ტელეკომპანია „მაესტროს" საქმიანობაში არ ერევა და ვერც ჩაერევა.
„დიდი ყურადღებით ვუყურებდი გუშინდელ, გუშინწინდელ ეთერს, თუ რა ხდებოდა. განცხადებებიც მოვისმინე, მაგრამ მართლა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლება აქ არ ერევა და ვერც ჩაერევა, ძალიანაც რომ მოვინდომოთ. საჯარო რეესტრმა გააკეთა ის, რასაც კანონი ავალდებულებდა და რასაც გვერდს ვერ აუვლიდა. დანარჩენი საქმე სასამართლოშია და სასამართლოში გადაწყდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.