მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი, თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად, 26 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - ინფრომაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
„ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და საქართველოს ნაკრების მაღალ შედეგებს უკავშირდება“, - აცხადებენ რაგბის კავშირში.
26 სექტემბერს საქართველოში ასევე ჩამოვლენ მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ ქერიგი.
„როდესაც 10 დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის უმაღლესი რანგის ხუთი მოხელე შენს ქვეყანაში ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ ქართული რაგბი მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს და მის მომავალს დანარჩენი მსოფლიო დიდ მოლოდინებს უკავშირებს“, – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.
საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტისა და კულტურის მინისტრსაც შეხვდება.