კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის გამო რუსეთის ფედერაციაში ხვალიდან შესაძლოა, კაცებს გასვლა აუკრძალონ. ამის შესახებ „Important Stories“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
„26 სექტემბერს, მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუს კაცებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალებათ“, - განუცხადა FSB-ის ყოფილმა ოფიცერმა Important Stories-ს.
მანამდე კი რამდენიმე რუსული მედიასაშუალება პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით სამხედრო ასაკის კაცებისთვის საზღვრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ წერდა.
Meduza-ს ცნობით, საზღვრები 28 სექტემბერს დაიკეტება და გასასვლელად სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ნებართვა იქნება საჭირო.
ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსებმა მასობრივად დაიწყეს ქვეყნის დატოვება. პოპულარული მიმართულებებია ყაზახეთი, საქართველო და სომხეთი.