იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ეგზიტპოლების შედეგები აჩვენებს, რომ ჯორჯია მელონის მეთაურობით მოქმედ მემარჯვენე კოალიციას 45 პროცენტი აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯია მელონის პარტიას „იტალიის ძმები“ უბნებზე მისული ამომრჩევლების 26 პროცენტმა დაუჭირა მხარი და ამ შედეგებით პირველ ადგილზეა. 2018 წლის არჩევნებზე ჯორჯია მელონის პარტიას ოთხპროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, არჩევნებში საბოლოო გამარჯვების შემთხვევაში, ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდება.
ჯორჯია მელონის კოალიციური პარტნიორები მატეო სალვინის პარტია „ლიგა“ და სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ იტალია“ არიან.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვართ ბოლო წერტილში, ჩვენ ვართ საწყის წერტილში. ხვალიდან ჩვენი ღირსება უნდა დავამტკიცოთ. თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ მონაცემები საბოლოო არ არის, მაგრამ მეჩვენება, რომ პირველი პროგნოზებიდან იტალიელებისგან მივიღეთ, ამ ეროვნულ არჩევნებზე, აშკარა მითითება. ნათელი მითითება მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობაზე, რომელსაც ხელმძღვანელობენ „იტალიელი ძმები“. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ თუ ჩვენ მოგვიწოდებენ ამ ქვეყნის მართვისკენ, ჩვენ ამას ყველასთვის გავაკეთებთ“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.