logo_geo
eng_logo
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „ბი-პი“-ს შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო
- +

26 სექტემბერი. 2022. 10:39

 

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კომპანია   „ბი-პი“-ს ხელმძღვანელმა საქართველოში, აიტან ჰაჯიევამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტები განხორციელდება. 

 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. აღსანიშნავია, რომ „ბი-პი“-ს ხელშეწყობით 2010-2011 წლებში, სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული ობიექტია საქართველოში, სრულად მოეწყო ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, გადასახედით, მღვიმის განათებით, დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობით და სხვა“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. მდგრადი განვითარება „ბი-პი“-ს სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ეს მემორანდუმიც ამ მიზანს ემსახურება. გვინდა ერთობლივი ძალისხმევით გავაძლიეროთ დაცული ტერიტორიები, ერთმანეთს  გავუზიაროთ გამოცდილება და ხელი შევუწყოთ ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებას და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა „ბი-პი“-ს ხელმძღვანელმა საქართველოში, აიტან ჰაჯიევამ.

 

„ბი-პი“-ს საქმიანობის შესახებ საქართველოში:  „ბი-პი“ უკვე 25 წელია, თავისი პარტნიორების სახელით, საქართველოში  ნავთობის და გაზის მსხვილ პროექტებზე მუშაობს. ბაქო-სუფსის და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენები, ასევე სამხრეთ კავკასიის გაზსადენი ხელს უწყობენ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგორესურსებით ამარაგებენ საერთაშორისო ბაზრებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner