logo_geo
eng_logo
მედია: რუსეთმა საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება დაუშვა
- +

26 სექტემბერი. 2022. 19:34

 

 

ჩრდილოეთ ოსეთის ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ ადამიანებს ზემო ლარსში საპასპორტო კონტროლის გავლისა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მიეცათ. აქამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მანქანით ან ველოსიპედით შეიძლებოდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, რეჟიმის გამარტივება საზღვარზე ჩამოსული ხალხის სიმრავლითაა განპირობებული.

 

ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. თუმცა, ზემო ლარსის ჩატის ზოგიერთი მონაწილე, ისევე როგორც Tbilisi_life ტელეგრამის არხი, წერს, რომ საზღვრის გადაკვეთა უკვე შესაძლებელია ფეხით.

 

ცნობისთვის, უკრაინის კონტრშეტევის წარმატების ფონზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

 

რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ 300 000 სამხედროს მობილიზებას მოახდენენ. მობილიზების პარალელურად კი, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმები მიმდინარეობს.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფორმალური ანექსია შესაძლოა, სექტემბრის ბოლომდე მოხდეს.

 

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

 

აგრეთვე, 24 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამხედრო სამსახურს ეხება. ახალი კანონის თანახმად, დეზერტირობა ან სამხედრო გაწვევაზე გამოუცხადებლობა 5-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner