ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ შეკვეთილში, რომელიც დაბა ურეკთან ახლოს მდებარეობს, საკონცერტო დარბაზს კომპანია „ელიტა ბურჯი" აშენებს.
დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და მას ლითონის კონსტრუქციის მოძრავი სახურავი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დარბაზი კონცერტებს სეზონის შესაბამისად უმასპინძლებს.
პროექტს ფონდი „ქართუ" აფინანსებს და მისი სავარაუდო ღირებულება 200 მილიონი ლარია. საკონცერტო დარბაზის გახსნა 26 მაისს გრანდიოზული კონცერტით არის დაგეგმილი. როგორც გვითხრეს, ამ დღეს, გურიას, მსოფლიო დონის ცნობილი ვარსკვლავები ესტუმრებიან.
სარემონტო სამუშაოები შეკვეთილში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. თუმცა, ჩვენ, „გურია ნიუსის" მკითხველისთვის ექსკლუზიურად გავარკვიეთ და გადავიღეთ კიდეც, რომ შეკვეთილში მხოლოდ საკონცერტო დარბაზი არ შენდება - შენობის გვერდით ჭაობის დაშრობა და პარკის გაკეთება უკვე დაწყებულია. როგორც გვითხრეს, პარკში ცნობილი კომპოზიტორების ქანდაკებები დაიდგმება, მოეწყობა მინისცენები კარაოკესთვის.
- ეს იქნება საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური ადგილი, რომელიც კულტური/საგანმანათლებლო და დასასვენებელი კერა გახდება, - აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას სამუშაოთა მწარმოებლებმა.
ნატო გოგელია