საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. ამჟამად კლინიკის ძირითადი და დამხმარე შენობები უკვე აშენებულია. დასრულებულია შიდა წყალსადენის, კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებიც და შენობების გადახურვის, შიდა სავენტილაციო სისტემის მონტაჟისა და სხვა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია, ასევე, შენობების შიდა და გარე მოპირკეთების, ეზოს შემოღობვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. მშენებლობის დასრულების შემდეგ კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, გამყოფ ხაზის მიმდებარედ სამედიცინო ცენტრის არარსებობის გამო, ათობით სოფლის მოსახლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად გორში ჩასვლა და რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ეს პრობლემა სრულად მოუგვარდება.
სამშენებლო სამუშაოებზე 38 ადამიანია დასაქმებული. პროექტი სახლემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 629 996 ლარია.