ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ ჯერაბლუსის „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან გასათავისუფლებლად თურქეთმა სპეცოპერაცია დაიწყო. საბრძოლო მოქმედებებში არტილერია, ავიაცია და სახმელეთო ძალები მონაწილეობენ.
ოპერაცის დაწყებამდე ისლამისტების პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ კი ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ავიადრტყმები განახორციელა.
სააგენტო „Anadolu"-ს ინფორმაციით, ოპერაციის მიზანს ასევე წარმოადგენს მიგრანტთა ახალი ნაკადის თავიდან აცილება, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და რეგიონის ტერორისტებისგან გაწმენდა.
„Reuters" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედროები სირიის ტერიტორიაზე ჯერ არ შესულან, რადგან ამჟამად მიმდინარეობს ისლამისტების პოზიციების დაბომბვა.
ქალაქი ჯერაბლუსი სირია-თურქეთის საზღვარიდან ერთი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. 2012 წლის 20 ივლისს ქალაქი სირიულმა ოპოზიციურმა ძალებმა დაიკავეს. თუმცა 2013 წლის დასაწყისში სირიელი ამბოხებულები ჯერაბლუსიდან ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა განდევნეს.