მთავრობა „რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციას განახორციელებს, თუმცა დოკუმენტში ასახულ არგუმენტაციას არ ეთანხმება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადავოა არგუმენტი, რომ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება.
„ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს არის არგუმენტებზე დავა, მაგრამ კანონმდებლობის ხარვეზის გამო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, კანონმდებლობაში ცვლილება ერთი თვის ვადაში უნდა აისახოს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას სჭირდება მინიმუმ ორი სესია, ანუ გათვალისწინებულია სამთვიანი ვადა მაინც. ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი - სამოქალაქო ქორწინება გახლავთ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, აისახოს საქართველოს კონსტიტუციაშიც. სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა გახლდათ პარლამენტში ამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი და ეს პროცესი დაწყებულია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ, ეს საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, არსებულ პარლამენტში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ბოიკოტისა თუ სხვა მიზეზების გამო, ცვლილების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში აისახება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საუბარი, თითქოს დასავლეთისკენ სწრაფვა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა, წმინდა წყლის სპეკულაციებია.
„ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები. ევროპას სწორედ ასეთი ვუნდივართ და სწორედ ასეთი საქართველო არის ძვირფასი და ღირებული ევროპისთვის, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ფასეულობებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად განვახორციელებთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.