უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას ოფიციალური კიევის მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება.
„ამ „რეფერენდუმების“ ფასი ნულია და რეალობას არ ცვლის. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. ჩვენი რეაქცია რუსეთის მიერ შედეგების აღიარებაზე ძალიან მკაცრი იქნება“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას.
„ხვალ 15:00 საათზე კრემლში, რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების ცერემონია გაიმართება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ანექსიის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმები“ ჩაატარეს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და ფიქტიური უწოდა.