„ფიქტიური „რეფერენდუმების“ შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
„აშშ არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს ამ ფიქტიური რეფერენდუმის ან რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის სავარაუდო ანექსიის ლეგიტიმურობას ან შედეგს. რუსეთის მარიონეტების მიერ ჩატარებული ეს სპექტაკლი არალეგიტიმურია და საერთაშორისო სამართალს არღვევს. ეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების შეურაცხყოფაა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან მისი ტერიტორიის დაცვაში.
დღეს კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვალ ხელს მოაწერს უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ანექსიის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმები“ ჩაატარეს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ დაგმო და ფიქტიური უწოდა.