logo_geo
eng_logo
პიკასოს ბიჭი და სხვები
- +

30 სექტემბერი. 2022. 17:34

 

 

მგონი „ხელობას“ ვკარგავ... ისე გაკოტრდა, ისე „გაფარჩაკდა“ და ისეთ „აფსაიტში“ დარჩა უღმერთო და უსამშობლო გვამთა „ომისა და ღალატის პარტია“, რომ მეც და ყველა ჩემისთანა სიმართლის პირში მთქმელი, უნებლიეთ, მგონი, ისეთსავე „აფსაიტში“ აღმოვჩნდით, ოღონდ მოედნის მეორე მხარეს. წარმომიდგენია, დიდი საელჩოს სასოწარკვეთილი პატარა დიასახლისი, „რევოლუციური“ ნაცბრიგადის არაფორმალური მეთაური, ქალბატონი დეგნანი რა დღეში იქნება. თუმცა, რა წარმოდგენა უნდა, კრიტიკული (მამხილებელი) კითხვების დასმის დროს ისე ამოხტება ხოლმე ჩვენზე გადასავლელად სპეციალურად შეკერილი ოფიცრის ჩექმებიდან, რომ... ქალია, მაგრამ რა ვქნა, მაინც არ მეცოდება.

*

ჰო, მართლა, ოფიცერზე გამახსენდა, ეს ადამ კინზინგერი რა ყოფილა, ჰა?! მისი დანიშვნის დღიდან მოყოლებული, ბევრჯერ მითქვამს, სამხედრო ოფიცრებს (კინზინგერი, დეგნანი), ანუ არაპოლიტიკოსს და არადიპლომატს იმიტომ ჩააბარეს საქართველოს მიმართულება, რომ ჩვენთან არა პარტნიორული პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების წარმოება, არამედ ნეოკოლონიური, ანუ პატრონყმური ურთიერთობის დამყარება აინტერესებთ მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ასეთ დროს იტყვიან ხოლმე, ბედი არ გინდაო? საქართველოსთან „მეგობრობაზე“ „ატვეჩაი“ ყველა რუსი ხომ სალდაფონი იყო და ახლა ესენი...

*

უკრაინის ომამდე, ამერიკის საგარეო პოლიტიკის კრიტიკული ანალიზის დროს, ხანდახან, ყურმოკვრით მოისმენდით შეფასებას - დემოკრატია და სამართალი თავისთვის უნდათ, თორემ „მეგობარ“ ქვეყნებთან დამოკიდებულებაში წმინდა იმპერიალისტური ინტერესებით მოქმედებენო. აღნიშნული შეფასების მეორე ნაწილთან დაკავშირებით, იმხელა გამოცდილება დავაგროვეთ, რომ... როგორც მაგალითი, მარტო ზემოხსენებული ორი ოფიცრის „მოღვაწეობა“ რად ღირს? დღეს „მეფე“ უკვე ბოლომდეა შიშველი და მისი ცქერა საზოგადოებაში დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

*

ვფიქრობ, ისევ და ისევ უახლესი პერიოდის გამოცდილებიდან გამომდინარე, ამერიკის პოლიტიკის ზემოთ მოტანილი შეფასების პირველი ნაწილის ახლებური გააზრების დროც მოვიდა: ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდიდან და მის შემდგომაც, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ „დემოკრატია“ მათთვისაც, შიდა მოხმარების პირობებშიც, სიტყვის მასალა ყოფილა. მთელი მსოფლიო მოწმეა იმისა, რომ „საჭიროებიდან გამომდინარე“, „დემოკრატიის ციტადელში“ როგორ მძვინვარებს, არც მეტი არც ნაკლები, ე.წ. ჯუნგლის კანონი.

 

ამერიკის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იყო ყველაზე არათავისუფალი და აქედან გამომდინარე, ყველაზე არადემოკრატიული არჩევნები დემოკრატიული დასავლეთის ისტორიაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფოსტით მიცემული ხმა, ადვილად მისახვედრი მიზეზების გამო, არის ყველაზე დაუცველი საარჩევნო ხმა, იმაზე დაუცველიც, ჟვანია-გოგორიშვილის „სომხურ კარუსელში“ რომ ტრიალებდა.

*

გამარჯვება ხომ გაიფორმა ბაიდენის „იუბკიანი“ გენერლების პარტიამ, ეს არ იკმარა და ახლა, სააკაშვილის მოგონილი რომ გვეგონა, ყველა იმ ხერხს ხმარობს, მთელი ლიბერალური სამყაროსთვის საძულველ კანდიდატს, დონალდ ტრამპს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება რომ შეუზღუდოს, ან სულაც აუკრძალოს. არადა, რა ქნან?.. რა მანქანებით გინდა დაუპირისპირდე „წარსულში ჩარჩენილი“ კონკურენტის წამყვან სლოგანს, რომ „კაცი კაცია და ქალი - ქალი“, ამერიკელთა უმრავლესობაში აღტაცებას რომ იწვევს?   

*

მძიმეა, რაც უკრაინაში ხდება, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მსოფლიოს ყველაზე დიდი ტკივილი დღეს ავღანეთია. უკრაინელს, ავღანელისგან განსხვავებით, იმის საშუალება მაინც აქვს, რომ იარაღით ხელში დაიცვას ქვეყნის, ერის, ოჯახის ინტერესი და ღირსება. ამ საქმეში მას ათეულობით სახელმწიფო უმაგრებს ზურგს. მისგან განსხვავებით, რიგითი ავღანელი ბედის ანაბარაა მიგდებული და მუდმივად იმის მოლოდინშია, როდის „ეწვევა“ კაციჭამია თალიბი, ჯერ სულს რომ შეუგინებს და მერე ბაღლინჯოსავით რომ გასრესს. ეს ყოველივე ხდება ოცწლიანი ამერიკული ქოლგის მოხსნის შემდეგ. რას მოხმარდა განვლილი ოცი წელი? რა მიზანს შეეწირა ამდენი ახალგაზრდა მეომრის (მათ შორის ქართველების) სიცოცხლე? იმას, რომ ყველა ოცნება და იმედი ერთ დღეში დამსხვრეულიყო?

*

რა არის მაინც ეს კრიზისი, არა, მეგობრებო? ყველა ხარვეზი და ბზარი უცებ გამადიდებელი შუშის ქვეშ მოექცევა ხოლმე. ჯერ იყო და, ახალმა „უფროსმა ძმებმა“ ნაფტალინიდან ამოღებული აკერმანის მიერ „დამოძღვრილი“ „მებრძოლებით“ მოინდომეს „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყნის აფეთქება-აყირავება. სულ ახლახან კიდევ, „დიდი“ საერთაშორისო კონფერენციის მეშვეობით სცადეს მორიგი გამანადგურებელი იერიშის ორგანიზება, რომელიც ასეთი „მეხისგავარდნა“ აფიშით იყო დაანონსებული - კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობს და მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. ავოე-ე-ე!.. არც მეტი არც ნაკლები - „უმაღლესი დონის ლიდერები“(!). გულიანად თუ გინდა იცინო და იხალისო, ამ „უმაღლესი დონის ლიდერების“ სიას უნდა გაეცნო, გინდა წაღმა და გინდა უკუღმა. ამას თუ მასპინძლების სიასაც დაუმატებ... პირადად მე, პირველი, რამაც გონებაში გამიელვა, ეროსის უკვდავი ფრაზა იყო - „აღმართეს მკვდრებმა ცოცხალი კედელი“.

*

არა, თეიმურაზ ხევისთავი მაზოხისტი არ ყოფილა, უბრალოდ უმწეო იყო, მორალური იმპოტენტი. სულიერი და ხორციელი დაცემის სულ სხვა განზომილებაა, თან თეიმურაზ ხევისთავი იყო და თანაც მაზოხისტი  - ქართველ „რესპუბლიკელებს“ ვგულისხმობ. ჯაყოს და თეიმურაზის ტანდემი მარადიული თემაა და სამყაროს დასასრულამდე იარსებებს.   ქართულ პოლიტიკაში ამ ფენომენის ახსნისთვის მონოგრაფიები მაქვს მიძღვნილი. უსუფაშვილი, ზაქარეიშვილი, ძაბირაძე, ხიდაშელი, ზურაბიშვილი უკვე მერამდენეჯერ შეიყუჟნენ ქართული პოლიტიკის ყველაზე დიდი ჯაყოებს, ნაცგამყიდველების პარტიის საბანქვეშ, რათა შინაგან მოთხოვნილებად ქცეული, ღირსებისგან დაცლილი „აქტივობებით“ მოიპოვონ „პური არსობისა“, ერთადერთი მიზნით - იქნებ როგორმე მიათრიონ გახრწნილი სხეულები ღრმა სიბერემდე.

 

ყველას ციტირებას ვერ მოვყვები. მაგალითისთვის, მათში ყველაზე „პატიოსანი კაცის“ სახელი რომ აქვს (ვახტანგ ძაბირაძეს ვგულისხმობ), მისი ერთი „ნააზრევიც“ იკმარებს: „პოლიტიკურ ძალებს შორის უფრო დაპირისპირების შემოდგომა იქნება, ვიდრე თანამშრომლობის, სამწუხაროდ, ეს დაპირისპირება უფრო ხელისუფლების სასარგებლოდ შეიძლება წარიმართოს, ვიდრე ოპოზიციის“. გაიგეთ, ხალხო? – „სამწუხაროდო“, თანაც „შეიძლებაო“... ე.ი. ნეტა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ „წარიმართოსო“ და ნეტა ისევ მიშას დრო დაბრუნდებოდესო... მოაჯდება ასეთს ჯაყო, აბა რას იზამს(?!).  

*

ნაპოლეონ ბისმარკ ჯეფერსონ ბურბონ-სტიუარტ ატილა ცეზარ კლეო-პატრა კაიზერ-კეზერ კოზა-კაზანოვა კუტუ-ზოვ ელიზაბეტ ტალეირან-ფუშე ფელიქს-დევიდ-ბრაუნ-არახამია-ბუში ვილჰელმ-ორანელ-არაჟნელ ქინძ-ბონაპარტი, სამას-მეექვსე პალატიდან, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შორსმჭვრეტელობით, გონიერებით, ენერგიითა და შემართებით, კვლავინდებურად განაგრძობს დედამიწაზე მიმდინარე ყველა ომის ერთდროულად მართვასა და ახალი გადანაწილების პროცესში მყოფი მსოფლიო პოლიტიკის დალაგებას. „გიხაროდენ, გიხაროდენ, მზემ ღრუბლები... (თუ რუბლები?)“... ეჰ, ბატონო რეზო, ბატონო რეზო... ესაა თქვენი პიკასოს ბიჭი?..

 

 

ბიძინა  დვალი

30.09.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner