logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ბედნიერი გოგო ვარ, აბა, რაა, გოგი ცაბაძისნაირ ლეგენდასთან ერთად სცენაზე რომ ვიდექი
- +

1 ოქტომბერი. 2022. 19:18

 

 

პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

თბილისობას ისევ ჩემი არქივით გილოცავთ

 

გოგი ცაბაძე - მამასავით თბილი

 

მთელი გულით მიყვარს ლეგენდარული კომპოზიტორი, თბილისის ნამდვილი მოტრფიალე, ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეული მაესტრო, ქალაქური სიმღერების მეტრი - გოგი ცაბაძე!

 

...იმ საბედისწერო დღეს გორში ვიყავი, როდესაც ბატონი გოგი სამუდამოდ წავიდა ჩვენგან, ოღონდ სხვა ღონისძიებაზე გახლდით, კინოთეატრში, მას კი კულტურის სახლში ჰქონდა საღამო.

 

თბილისიდან ჩასულებმა მალევე გავიგეთ რაც მოხდა და ვერ გეტყვით, რა დაგვემართა, როგორი კისრისტეხით გავცვივდით. იმდენი ვიტირე, ერთიანად ვკანკალებდი... გარეთ შეკრებილი მოსახლეობა გულისტკივილით შლიდა ხელებს, დარბაზიდან გამოსული სევდიანი გორელები კი ისე ვიშვიშებდნენ, ქალები ჩუმად ტიროდნენ...მერე მთელი საქართველო ტიროდა...

 

მე კი ჩემებურად ვეთხოვებოდი ამ უდიდეს და შეუდარებელ თბილისელს, იმიტომ, რომ კარგად ვიცნობდი, ბავშვობიდან მქონდა პატივი მასთან სიახლოვის, მისი განუმეორებელი ღიმილის, საოცარი, შაქრისფერი, ბუთქუნა თითების ხილვის და შეხების, გაღიმებული თვალების...მამის დარი სითბო რომ ჰქონდა, იმ თვალების და აბა, როგორი დასავიწყებელია?!

 

იმაზე კი ძალიან მწყდება გული, რომ არ დავუჯერე. ერთხელ, მახსოვს, ჯერ მასთან და მერე ბატონ ოთარ ბახტაძესთან ერთად მეორე სიმღერა რომ შევასრულე,  კულისებში მისებურად მომეთბილა ბატონი გოგი და მითხრა:

 

- ქალაქურ სიმღერებს თუ გაყვები და ბევრს იმუშავებ, კარგი შემსრულებელი დადგები. ჰოდა, პირველ რიგში, სიგარეტს არასოდეს გაეკარო, არაფრის შეგეშინდეს. უმღერო თბილისს, ამას დიდი ძალა და სიყვარული უნდა, შენ ამას შეძლებ. ჰოდა, ყელს გაუფრთხილდი, ეს არ ჭამო, იმას არ მიეკარო... თვალდახრილი ვუსმენდი.

 

ვგრძნობდი, რა გულით დამარიგა და ეცადა სწორი არჩევანი გამეკეთებინა.

 

იმ კეთილმა და თბილმა გულმა კი, სამწუხაროდ, ნაადრევად უღალატა.

 

შუაგულ ქართლში, ბებერ გორში, ისევ ქართველი ხალხის გულთან ჩაიმუხლა.

 

მეც ვერ შევუსრულე დანაპირები და ქალაქური სიმღერების შემსრულებელი ვერ გავხდი, თუმცა, სიმღერა ბევრჯერ დამეხმარა ჩემს პროფესიებში და ეს ბატონი გოგის დამსახურებაცაა.

 

ყოველ წელს ვულოცავ დღეობას და თბილისობას. იმიტომ, რომ წესად მაქვს მისი არდავიწყება! მე ბატონი გოგის დარმა ადამიანებმა ცხოვრება მასწავლეს და დიდი საგანძური დამიტოვეს - ერთმანეთობა!!! მიყვარხართ, ბატონო გოგი! არც არასოდეს დამითვლია წლები, არც არასოდეს გამნელებია თქვენდამი სითბო, მუდამ მემახსოვრება ჩემთვის საპატივსაცემო და არა მხოლოდ ჩემთვის, თქვენი, მე ვთვლი, ჯადოსნური, სულ სხვანაირი, გამორჩეული თბილი თითები, რომლებიც დუსრულებლად ქმნიდნენ იმ ეპოქის შედევრებს.

 

და ყველაზე მეტად კი იმისთვის ვარ მადლიერი, ისევ პლეხანოველ პატარა გოგოდ რომ დავრჩი მისი წყალობით და ეს მართლაც საოცარი განცდაა. ბედნიერი გოგო ვარ, აბა, რაა, გოგი ცაბაძისნაირ ლეგენდასთან ერთად სცენაზე რომ ვიდექი.

 

ჰოდა, გილოცავთ, მთელი გულით! ვულოცავ, თქვენს ოჯახს! ვისაც ახსოვხართ და განსაკუთრებით, თბილისს და თბილისელებს! რატომღაც მგონია, გაგახარეთ ახლა და ძველებურად მიღიმით.

 

პატივისცემით და სიყვარულით, მაიკო კახიძე - წერს მაიკო კახიძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner