logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: მადლობა ბიძინა ივანიშვილს! ირაკლი ღარიბაშვილს! ვახტანგ გომელაურს! გიორგი ლილუაშვილს! კახი კალაძეს!
- +

2 ოქტომბერი. 2022. 00:31

 

 

მადლობაც - არაა აუცილებელი! უბრალოდ სწორად შევაფასოთ და დავუფასოთ... ახლა, 10 წლის შემდეგ უკეთ ჩანს რაც მოხდა მაშინ - 2012 წლის 1 ოქტომბერს! ეს სწორედ ის საღამოა. ხალხი ზეიმობს. ვზეიმობთ ჩვენც, დაღლილები, უამრავ საფრთხეში, უამრავ მუქარაში გამოვლილები - ინფო 9-ის „სამეული", როგორც მაშინ გვიწოდებდნენ, მე და ჩემს ამ ორ მეგობარსა და თანაშემწეს - ირაკლი ყალიჩავას, დათო ჭანტურიას. კი ბატონო, სამივე უმუშევარი ვართ დღეს და კი, ისიც ვიცი, რომ საკმაოდ თბილ-თბილ ადგილებზე არიან დასაქმებული ისინი, ვინც მაშინ გაყუჩებულნი ელოდნენ „დიადი მიშას“ გამარჯვებას და წყალობას...

 

ჩვენ კი - ვინც ცარიელი ოთახებიდან დავიწყეთ „ინფო 9“-ის აწყობა, ცარიელ სართულზე სამნი რომ დავბორიალობდით და მერე ნელ-ნელა შემოგვემატა ძალიან მაგარი გუნდი, ახლა უკვე უმუშევრები დავბოდიალობთ და თავის გასატანად ვიბრძვით!

 

ვნანობ? ერთი წამითაც არა! გული კი მწყდება, მაგრამ მაინც - თუ მადლობას არ ვეტყვით, ვიყოთ სამართლიანები და პირველ რიგში ეს მართლაც გადარჩენა საქართველოსი ბიძინა ივანიშვილს მივულოცოთ! დავუფასოთ! დავინახოთ! სხვანაირად, კი ბატონო, ვიქნებით სამართლიანად განაწყენებულები, მაგრამ არ ვიქნებით მართლები სინდისის წინაშე...

 

დასაწყისში ვთქვი - 10 წლის თავზე უფრო კარგად ჩანს-მეთქი... არასოდეს ვყოფილვარ ამპარტავანი და ვიტყვი - არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცას სწორად ვერ აღვიქვამ, უფრო ემოციით ვუყურებ, უფრო სამართლიანობის მოთხოვნით... მაგრამ „იქიდან“ ალბათ უფრო ნათელი სურათი ჩანს და ბევრი რამ ალბათ იყო კიდეც საჭირო ისე გაკეთებულიყო, რამაც ჩვენ პირადად ძალიან დაგვწყვიტა გული, მაგრამ სამაგიეროდ, გადაარჩინა სახელმწიფო!

 

 ფაქტია, დღეს რომ რუსული რაკეტები არ დაფრინავს თბილისის ცაზე და არ სკდება ჭურვები, რომ არ იღვრება სისხლი უაზროდ და ქვეყანა ავად თუ კარგად განვითარების გზაზეა, ეს, რა თქმა უნდა, უშუალოდ „ივანიშვილის გუნდის“ დამსახურებაა - ირაკლი ღარიბაშვილის პირველ რიგში, ვახტანგ გომელაურის, მთლიანად ჩვენი ძალოვანების, გიორგი ლილუაშვილის და იმ ადამიანების, ვისაც მე მაშინ, 2012 წელს ჩემი თვალით ვხედავდი მანიაკებთან ბრძოლის წინა ხაზზე! ვხედავდი როგორ ველურებივით უშენდნენ ლოდებს კახა კალაძეს ამ მანიაკებისგან წაქეზებული ტიპები...

 

კი ბატონო, ბევრი ისეთიც იბრიქება დღეს მაღალ სახელისუფლებო ეშელონებში, ვინც მაშინ ბუჩქებიდან გვადევნებდა თვალს... მაგრამ, აი, ეს გუნდი, ეს ხალხი, ვინც პირადად ბიძინა ივანიშვილმა შემოიყვანა ქართულ პოლიტიკაში, მართლაც ბოლომდე რისკავდა და იბრძოდა მაშინ... და რაც არ უნდა იყოს, საკუთარ თავსაც ვეუბნები და ჩემს იმ მეგობრებსაც, თანამებრძოლებს, რომლებიც როგორც უკვე ვთქვი, მიმაჩნია, რომ არიან სრულიად სამართლიანად განაწეყენებული - ბიჭებო!

 

მოდით, დღეს მაინც არ გვინდა „საქმის გარჩევები“ და წამოძახებები! დღეს მართლა ის დღეა, როდესაც, 10 წლის წინ მანიაკებმა ძალიან მწარედ იგრძნეს ხალხის ძალა! უდიდესი წვლილი ამაში მიუძღვის ირმა ინაშვილს პირადად, მის თანამებრძოლებს და მთლიანად „პატრიოტთა ალიანსს" და მართლაც გულდასაწყვეტია მათი ასეთ დაუფასებლობაც! მაგრამ თავად ირმაც აღიარებს და ამბობს, რომ მაშინ ხალხის ბრძოლას განსაკუთრებული ძალა შემატა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ პოლიტიკაში და მისმა არა მხოლოდ ფინანსურმა რესურსმა, არამედ მისმა უაღრესად სწორმა, თანმიმდევრულმა ნაბიჯებმაც ყველაფერზე წამსვლელ ბინძურ მანიაკებთან ბრძოლის საქმეში...

 

გთხოვთ, ერთი დღით მაინც დავანებოთ თავი ერთმანეთთან თუნდაც სამართლიან პრეტენზიებს... უშეცდომოც არავინაა და მოდით, გულწრფელად მივულოცოთ ერთმანეთს ეს მართლა მაგარი დღე! მიუხედავად ყველაფრისა, მართლა ძალიან მაგარი!

 

გინდათ „მადლობა“ დაარქვით ამას, გინდათ ხოტბა და გინდათ დიდება... ეს დღე ივანიშვილმა შექმნა და ირაკლი ღარიბაშვილის გუნდზე დაყრდნობით, დღემდე მშვიდობით მოვდივართ... ესაა მთავარი, ხოლო დანარჩენი ყველაფერი, ადრე თუ გვიან, ასე თუ ისე, მეტად თუ ნაკლებად, მოგვარებადია... თუმცა, ამაზე, მოდით, ხვალიდან... დღეს მხოლოდ გილოცავთ!

 

მიყვარხართ... სულ...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner