თურქული ტელეკომპანია NTV-სთან ინტერვიუში თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა, რომ რუსეთი NATO-ს წევრი არ არის, ამიტომ რუსული სამხედრო თვითმფრინავები „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთის „ინჯირლიკის" ავიაბაზას ვერ გამოიყენებენ.
თურქეთის ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მონაწილეობა სირიის კრიზისის დარეგულირებაში ამ ქვეყანაში მშვიდობის აღდგენისთვის ნიადაგს მოამზადებს. ნუმან ქურთულმუში მიიჩნევს, რომ სირიის მომავლის შესახებ მშვიდობიან მოლაპარაკებებში ბაშარ ასადმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრემიერმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ანკარა რუსული ავიაციის მიერ „ინჯირლიკის" ბაზის გამოყენების წინააღმდეგი არ იქნებოდა. ამავე დროს, ილდირიმმა აღნიშნა, რომ რუსეთს მსგავსი მოთხოვნით თურქეთისთვის არ მიუმართავს.