logo_geo
eng_logo
POSTV: მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი „ხალხის ძალას“ - დღეიდან არხი ხდება მოძრაობის მედიაპლატფორმა
- +

4 ოქტომბერი. 2022. 11:48

 

 

ტელეკომპანია POSTV განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, POSTV-ის გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი ახლადშექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“.

 

„დაარსების დღიდან ჩვენი ტელევიზია ღიად და დაუფარავად აცხადებდა თავისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ჩვენს უპირატესობად ვთვლით, რომ მაყურებელს პატიოსნად ვეუბნებოდით, თუ ვის და რა იდეას ვუჭერდით მხარს. ასევე, თავიდანვე ცხადი იყო ის იდეოლოგიური პლატფორმა, რომელზეც არხი იდგა. ჩვენი გულწრფელობა დაფასდა და ძალიან დიდი მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი არხის ერთგული მაყურებლის რიცხვი და შესაბამისად რეიტინგიც.

 

ახალ დროს ახალი გამოწვევები მოაქვს. ჩვენი უცვლელი პრინციპია, ვემსახუროთ ხალხს და ქვეყანას იქ, სადაც სიმართლეა და ისე როგორც ჩვენ გვწამს. ამიტომაც, „პოსტვ“-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლადშექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“. მიგვაჩნია, რომ მათ მიერ გაცხადებული მიზანი, ქართველმა ხალხმა გაიგოს მეტი სიმართლე, ამ რთულ და ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ემთხვევა ჩვენი არხის შექმნის იდეას. არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლატფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ჯაფარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ღრმად გვწამს, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ „ხალხის ძალას“, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ გასულმა ოთხმა დეპუტატმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა შექმნეს, დღეს კიდევ 5 დეპუტატი შეუერთდა. ამჯერად, „ქართული ოცნებიდან“ ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ვიქტორ ჯაფარიძე და დაჩი ბერაია გავიდნენ. ყველა მათგანი „ქართული ოცნებიდან“ გასვლის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში რჩება.

 

დღეს ცნობილი გახდა ისიც, რომ დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია POSTV-ის აქციების 52 % შეიძინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner