რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბირთვული ომის დაწყების ზღვარზეა. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ განცხადებებით იგი დასავლეთის დაშინებას ცდილობს, - ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ის სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემა წერს, რომ რუსული შორი მოქმედების რაკეტები და ბომბდამშენები მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. გარკვეული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იარაღის საცავიდან გატანა და სხვა ადგილას გადატანა ერთ დღეს წაიღებს, რაც თანამგზავრების ან სხვა საშუალებების გამოყენებით დასავლეთისთვისაც ცნობილი გახდება.
მსგავსი მომზადების ნიშნები ჯერჯერობით არ არსებობს და ბირთვული საფრთხეები მხოლოდ სიტყვებად რჩება. იმის გამო, რომ რუსული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის ფონზე დაპყრობილ ტერიტორიებს სტაბილურად კარგავენ, კრემლი შემდგომი ესკალაციისა და ბირთვული ომის მუქარით შიშის დათესვას ცდილობს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს მუქარა არის კრემლის მცდელობის ნაწილი, დააშინოს შეერთებული შტატები და ევროპა, რათა შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა და აიძულონ კიევი დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან მოსკოვის პირობებით.
თუ რუსეთი საწადელს ვერ მიაღწევს, პუტინმა შესაძლებელია, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს. დიდი ალბათობით, საჩვენებელი დარტყმისთვის რუსეთი რომელიმე სამხედრო ობიექტს აირჩევს.