საქართველოს 7-8 სექტემბერს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ეწვევა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ჯანელიძის თქმით, ეს არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგით მეოთხე ვიზიტი საქართველოში, რაც არის ჩვენი ქვეყნისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის და პარტნიორობის გამოხატულება.
„ამ ვიზიტის დროს შეფასდება საქართველოში განხორციელებული რეფორმები როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების სფეროში, ასევე დემოკრატიის მიმართულებით და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომელიც შეადგენს ჩვენი სამოქმედო გეგმის შემადგენელ კომპონენტებს.
ვიზიტის ფარგლებში ასევე განვიხილავთ იმპელემენტაციას იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ვარშავის სამიტზე მიიღეს. ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევადობა, ასევე საქართველოს პროგრესი დემოკრატიული რეფორმების კუთხით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით და ეკონომიკური განვითარების კუთხით.
ასევე განისაზღვრა ნაბიჯები პრაქტიკული თანამშრომლობის, რათა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო ამაღლდეს და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს",- განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრის განმარტებით , საქართველოს დღეს გააჩნია ყველა ის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა NATO-ში ინტეგრაციისთვის და წევრობისთვის.
„ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ამ ინსტრუმენტებს და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრებთ ამ ინსტრუმენტების შესახებ", -აღნიშნა ჯანელიძემ.