logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ვიზა-ლიბერალიზაციის თარიღით სპეკულირება არ შეიძლება
- +

24 აგვისტო. 2016. 13:07



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხით სპეკულირება არ შეიძლება.



არ შეიძლება, ამ თარიღებით სპეკულირება. შეიძლება, გარკვეულ ჟურნალისტს თავისი მოსაზრება ჰქონდეს, პოლიტიკოსებს თავისი მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, აგვისტოში ისვენებს ევროპარლამანეტი და შესაბამისი სტრუქტურები, მანამდე განხილვები აქტიურად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი, რომელმაც მიიღო პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განხილვა მოხდა ლიბე- კომიტეტში, რომელიც არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტი", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.



მისივე თქმით, საქართველის მთავრობა ელოდება, რომ უკვე ლიბე-ს კომიტეტი სექტემბრის დასაწყისში კენჭს უყრის გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში და შემდეგ უკვე დაიწყება ის პროცედურები, რომელიც განსაზღვრულია ევროპული რეგულაციებით და გულისხმობს, პარლამენტისა და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების დიალოგს.



ასევე საჭიროა, პლენარულ სესიაზე გავიდეს და მოხდეს ამ საკითხზე კენჭისყრა. ეს პროცედურები მიმდინარეობს აქტიურად, ყველა ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან აქტიურად გამოიხატება მხარდაჭერა საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხისადმი. ყველა მაღალი დონის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ დაიმსახურა ვიზა-ლიბერალიზაცია რეფორმების, გადადგმული ნაბიჯების მიხედვით. დღეს საკითხი არ დგას, მიიღებს თუ არა საქართველო ვიზის თავისუფლებას, ეს დამოკიდებულია პროცედურებზე. მოსახლეობამ მინდა იცოდეს, რომ ნებისმიერი სპეკულაცია თარიღებთან დაკავშირებით, სპეკულაციას არ ვგულისხმობ ცუდი გაგებით, ნებისმიერი თარიღის დასახელება, ეს იქნება სექტემბრის ბოლოს თუ ასე შემდეგ, არ არის სწორი. ჩვენ მივყვებით პროცედურებს, ამ პროცედურების შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, პოზიტიურად დასრულდება საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner