უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, დონბასში 2014 წელს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა 300 ათასამდე უკრანელმა მიიღო, 2500-ზე მეტი ჯარისკაცი კი დაიღუპა.
„ორწლიანი ომის გადახედვისას შესაძლებელია მტკიცედ ვთქვათ, რომ მტერმა ვერ შეძლო ვერცერთი სტრატეგიული ამოცანის განხორციელება, ვერ დააჩოქა უკრაინა. ამისთვის ჩვენი 2504 მეომარი დაიღუპა", - განაცხადა პეტრო პოროსენკომ კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 2016 წელს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამსახურში 46 ათასი მოქალაქე ჩაერთო, წლის ბოლომდე ხელისუფლება კიდევ 20 ათას სამხედროს ელის. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდნეობის სამი-მეოთხედი კონტრაქტორია. ამას გარდა, შეიქმნა სამხედრო რეზერვი, რომელშიც 80 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა.
2014 წლის აპრილიდან აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს სულ 9500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.