გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მსჯავრდებული ექვსი პირის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა.
მცხეთის ტერიტორიაზე მომხდარი ჩხუბის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება. 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღნიშნული პირები თავს დაესხნენ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. საფრთხის თავიდან ასარიდებლად, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ, თუმცა ბრალდებულები დაედევნენ და კვლავ ცდილობდნენ მათზე ძალადობას. მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილმა და მასთან მყოფმა პირებმა ისევ დააპირეს თბილისის მიმართულებით წასვლა, ბრალდებულები, ამჯერად მეორედ დაესხნენ მათ თავს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ცდილობდნენ ფიზიკურ ძალადობასაც.
ამის გამო, გიორგი შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები ისევ გაიქცნენ და არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიმალნენ. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულებმა დამალული ერთ-ერთ დაზარალებული იპოვეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩებით სამი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა), ერთი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა).
შესაბამისად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ზემოაღნიშნულ სამ პირს საბოლოოდ 5 წლით და 3 თვით, ხოლო ერთს - 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
ორი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). მათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენით არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები და მცხთის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩა ძალაში.