logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი კელი დეგნანის განცხადებაზე: მთავარია გაირკვეს, რას გულისხმობდა ქალბატონი ელჩი იმასთან დაკავშირებით რომ სხვა ქვეყნიდან არ უნდა იყოს კანონები გადმოღებულიო, მე სხვანაირი გამოცდილება მაქვს
- +

7 ოქტომბერი. 2022. 00:10

 

 

„შესაძლებლობა მქონდა გავცნობოდი აშშ-ს ელჩის განცხადებას, იმედი მაქვს ეს თავდასხმად არ ჩამეთვლება - მაქვს კითხვა: რას გულისხმობს ეს განცხადება, მე ვერ გავიგე და ალბათ ქალბატონმა ელჩმა უნდა აგვიხსნას რას გულისხმობდა ის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ელჩმა დეოლიგარქიზაციის კანონზე ისაუბრა.

 

„როდესაც 12-პუნქტიანი გეგმა მივიღეთ ევროკავშირიდან, ჩვენ ეს პუნქტების სია აღვიქვით სერიოზულად, სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან ქართველი ხალხის ის არჩევანი, რომელიც ისტორიული არჩევანია, არის ევროპული და ხელისუფლება არის ამ არჩევანის ერთგული. იქ ერთ-ერთი პუნქტი იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღების ვალდებულება. ის კანონი, რაც ევროკავშირმა მოიწონა უკრაინის შემთხვევაში ჩვენთვის არის სახელმძღვანელო. თავიდან თითქოს ოპოზიციასაც მოსწონდა, შემდეგ როგორი ზედაპირულობითაც გამოირჩევიან, ასევე ზედაპირულობითვე მიუდგნენ ამ საკითხს და გააანალიზეს, რომ თუ უკრაინულ კანონს მივიღებთ ის პირდაპირ მიესადაგება ნამდვილ ოლიგარქებს და არა ოლიგარქად შერაცხულ ქვეყნის პატრიოტებს, როგორიც ივანიშვილია, ისეთ ნამდვილ ოლიგარქებს როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, კეზერაშვილი და კიდევ არაერთი, ეს არ მოეწონათ და ამიტომ ეს კანონი აღარ უნდათ. რეალურად, მათ უნდოდათ კანონი იმის შესახებ, თუ როგორ გავაუნებელვყოთ ბიძინა ივანიშვილი და ასეთ კანონს ვერ მივიღებთ!

 

„როგორ გავაუნებელვყოთ ბიძინა ივანიშვილი და როგორ მოვექცეთ ხელისუფლებას სათავეში უკანონო მეთოდებით“, ასეთი გრძელი სახელი ექნებოდა იმ კანონს, რომელიც მათთვის არის სასურველი.

 

ჩემი პოზიციაა, რომ კარგი იქნება თუ მივიღებთ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს რაც არ უნდა მათ [ოპოზიციას]ეს აღარ უნდოდეთ. მაგრამ თუ პარლამენტი იტყვის, რომ კონსესუსია მთავარი და მართალიც იქნება, მაშინ იტყვის ყველა რომ ეს კანონი აღარ გვჭირდება და ევროპაც ამას დაეთანხმება, მაშინ ეს კანონის სავარაუდოდ აღარ მიიღება. ახლა მთავარაია გაირკვეს, რას გულისხმობდა ქალბატონი ელჩი იმასთან დაკავშირებით რომ სხვა ქვეყნიდან არ უნდა იყოს კანონები გადმოღებულიო.

 

მე ცოტა სხვანაირი გამოცდილება მაქვს: 8 წელი იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი და რეფორმა არ არსებობს თითქმის ბუნებაში, რომელიც არ გაგვიტარებია და იუსტიციის სამინისტრო იყო ყოველთვის ამ დიდი რეფორმების ავტორი უწყება, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით მიდიოდა პარლამენტში და მე სხვა გამოცდილება მაქვს - პირიქით, ყოველთვის იყო მოწოდებები რომ „გადმოვაკოპიროთ“ სხვა ქვეყნის კანონები, ახლა რა შეიცვალა საინტერესო იქნება ჩემთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

5 ოქტომბერს აშშ-ს ელჩმა საქართველოში დეოლიგარქიზაციის კანონზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „ეს არის საკითხი, რომელსაც ბევრი ქვეყანა ებრძვის, მათ შორის ჩემიც. არსებობს სხვადასხვა გზა, რომლითაც ქვეყნები მიმართავენ არასათანადო გავლენებს პოლიტიკურ სექტორში და ვფიქრობ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა განიხილოს ეს საკითხი და იპოვოს საკუთარი გამოსავალი. არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner