„ჩვენ ეს რეფორმა, რომელსაც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობა დავარქვით, აქტიურად დავიწყეთ იანვრიდან, როცა მე ამ სამინისტროს შევუერთდი და დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე ეტაპად“, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მაგალითად, ერთ-ერთი ეტაპი იყო თურქული ფარმაცევტილი ბაზრის გახსნა პარალელური იმპორტით. საქართველოში უკვე შემოდის და ამან მნიშვნელოვნად გააიაფა მედიკამენტები. ზუსტად ანალოგიური მედიკამენტები, რომლებიც შემოდიოდა სხვადასხვა გზით და იყიდებოდა გაცილებით ძვირად. შემდეგი ეტაპი იყო ელექტრონული რეცეპტების სისტემის დანერგვა. ასევე გენერიკების დავალდებულება, რომ გენერიკული დასახელებით გამოწერონ მედიკამენტები და არ ჰქონდეთ საშუალება, რომ კონკრეტული ბრენდი მიუთითოს ექიმმა. ახლა უკვე ვართ იმ ეტაპზე, რომ უნდა დავნერგოთ რეფერენტული ფასები. ეს იანვრიდან შეეხება მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებს, რასაც ძირითადად სახელმწიფო აფინანსებს. ეს იქნება ერთგვარი პილოტი და ვფიქრობ, რომ მომდევნო მეორე კვარტლიდან მთლიანად ბაზარზე გავრცელდება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.