„ნიუ-იორკის მერმა ერიკ ადამსმა ქალაქში მიგრანტების დიდი რაოდენობით შესვლისგან შექმნილი კრიზისული სიტუაციის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა“, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ ნიუ-იორკში 17 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.
მიგრანტების ასეთი რაოდენობის ზრდა პოლიტიკურ დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. შტატები, რომელთა ხელისუფლებაშიც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგალითად, ტეხასი, არიზონა და ფლორიდა, ბოლო თვეების განმავლობაში მიგრანტებს დემოკრატების მიერ მართულ შტატებში აგზავნიან.
ნიუ-იორკის მერი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი თეთრ სახლთან დაპირისპირების ნაწილია და რესპუბლიკელები დემოკრატებს პრობლემებს განგებ უქმნიან.
„სექტემბრიდან მოყოლებული, დღეში საშუალოდ 5-6 ავტობუსი შემოდის. ქალაქის შემოსული მიგრანტებიდან ყოველი მეხუთე ამჟამად თავშესაფრის მაძიებელია. ჩამოსულთაგან ბევრი არის ისეთი ოჯახი, რომლებსაც სკოლის ასაკის ბავშვები ჰყავთ და სერიოზულად ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება. ნიუ-იორკელები გაბრაზებულები არიან, მეც გაბრაზებული ვარ, ჩვენ ეს არ მოგვითხოვია. არასოდეს ყოფილა შეთანხმება ათასობით თავშესაფრის მაძიებლის მხარდაჭერის საქმეზე“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.
მისივე თქმით, ეს ღონისძიება გამიზნულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, რათა მან იმ მიგრანტების რაოდენობა შეამციროს, რომლებიც აშშ-ის სამხრეთ საზღვარს კვეთენ.