„ქერჩის ხიდის აფეთქება რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის კონფლიქტის გამოვლინებაა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„ქერჩის ხიდთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული გამოვლინებაა კონფლიქტის, რომლის ერთ მხარეს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და კერძო სამხედრო კომპანიაა, მეორე მხრივ კი თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი“, - აცხადებს პოდოლიაკი.
მისი თქმით, რუსეთში მასშტაბური ნეგატიური პროცესები იწყება.
„რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ძლიერი კონფლიქტი დაიწყო, ყველა ეძებს სამხედრო მარცხისთვის დამნაშავეებს”, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოძრაობდა, ამიტომ პასუხი რუსეთშია საძიებელი.
„ხიდის აფეთქება - პუტინის პირადი პროექტის - არა მხოლოდ ასუსტებს “ეფესბეს” პოზიციებს, რომელმაც დაუშვა ეს მომხდარიყო, არამედ ალიბს აძლევს სამხედროებს უკრაინის სამხრეთში სისტემატური მარცხისთვის. თითქოს “ეფესბეს” ჩავარდნის გამო მომარაგებისა და რეზერვების მიწოდების მთელი ლოჯისტიკა ჩამოიშალა”, - განაცხადა პოდოლიაკმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხიდის ნაწილი ჩამოიშალა და წყალში ჩავარდა.
ყირიმის, ანუ ქერჩის ხიდი ორი პარალელური ნაწილისგან, საავტომობილო და სარკინიგზო ნაწილისგან შედგება და ის რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს. ხიდი რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ააშენა. ხიდის საავტომობილო ნაწილი, რომლის სიგრძე დაახლოებით 19 კმ-ია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2018 წელს გახსნა, სარკინიგზო ხიდი კი ორი წლის შემდეგ გაიხსნა.