logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე აკია ბარბაქაძეს: დრო და სივრცე არ აგერიოს და ქართველებმა არ გამოგიტანონ განაჩენი ძველზეც და ახალზეც
- +

10 ოქტომბერი. 2022. 15:10

 

 

„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში წერს და ამავე უწყებაზე სამხედრო ექსპერტის აკია ბარბაქაძის განცხადებებს ვრცელი წერილით ეხმაურება.

 

ჩიხელიძე აკია ბარბაქაძეს მოღალატეს უწოდებს და ამბობს, რომ ბარბაქაძე თავდაცვის სამინისტროს მიმართ უკიდურესი ბოღმის ნთხევით გამოირჩევა.

 

„აქ ამბავი აკიასი, ოდეს გაიპარა. როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ორგანიზაცია უკვე ორი წელია, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს აქტიურად აკვირდება. არაერთი მოსაზრება გამოვაქვეყნეთ იქ მიმდინარე დადებით ტენდენციებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ბოლო სამი წლის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს მენეჯმენტმა, თვისობრივად გარდაქმნა იქ ადრე არსებული სიტუაცია, „ყველაფერი საუკეთესო ჯარს“, რაც ერთგვარი სლოგანიც კი გახდა მთელ ქვეყანაში.

 

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები ყველა კომპონენტში, პრაქტიკული მიმართულებით საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ არის დასანახი: კერძოდ, საუკეთესო კვება, საუკეთესო აღჭურვილობა, ხელფასების ზრდა, ბოლო ინფორმაციით 20%-ით იზრდება სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურება, უმაღლესი დონის წვრთნები, ჩვენ პარტნიორი სახელმწიფოების მონაწილეობით, სოციალური პაკეტის უმაღლესი დონე, ბინათმშენებლობა, დაჭრილ-დასახიჩრებული სამხედროების ხელფასების მატება 300%-ით, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრების თანადაფინანსება სამინისტროს მხრიდან უმაღლესი სასწავლებლების და კიდევ ბევრი სხვა.

 

დამსახურებული სიკეთეები ჯარის მიმართ, ყოფილი და მოქმედი თავდაცვის მინისტრების დამოკიდებულებაა ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტის - თავდაცვის სამინისტროს და მისი თანამშრომლების მიმართ. ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტიური დინამიკის მოხმობა, თავდაცვის სამინისტროში დამჭირდა იმისთვის, კიდევ ერთხელ საზოგადოებისთვის შემეხსენებინა მიმდინარე პროცესების შესახებ.

 

ამ წერილის მიზანი, ამჯერად სხვა რამ არის, ამით მინდა სააშკარაოზე გამოვიტანო ერთი ნაძირალა კაცის, რომელიც აკია ბარბაქაძედ იწოდება, მტრობა ქართული ჯარის და თავდაცვის სამინისტროს მიმართ. კერძოდ, ეს სუბიექტი სხვადასხვა ეთერებში უკიდურესი ბოღმის ნთხევით გამოირჩევა თავდაცვის სამინისტროს მიმართ. დავინტერესდით თუ ვინ არის, რას წარმოადგენს ეს ადამიანი და სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც დიდი კვლევა არ დაგვჭირვებია გაგვეგო თუ ვისთან გვაქვს საქმე. მოკლედ, აკია ბარბაქაძე 1991-1992 წლებში სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე ბრძანდება, რა თქმა უნდა, კიტოვან-იოსელიან სიგუას მხრიდან, ეს სიბილწის მფრქვეველი ბოღმა კაცი, დიდი მონდომებით და ხალისით უშენდა ბომბებს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზ. გამსახურდიას, თავის კოლეგა დევი ჭანკოტაძესთან ერთად. პუტჩის გამარჯვების შემდგომ, ნაარაკაცალი აკია, მაშინდელ გვარდიაში „მიიშნირა“ თენგიზ კიტოვანმა. მოგეხსენებათ მალევე დაიწყო ომი აფხაზეთში, სიმართლე გითხრათ ვფიქრობდი, კვლევის პროცესში, იქნებ აქ მაინც ივაჟკაცა რაღაცით სამშობლოს წინაშე და საკუთარი ძმების სისხლში ამოსვრილი სული, ცოტათი მაინც განიბანა ჩადენილი საქციელით და ვაჟკაცობით მეთქი, მაგრამ არა „არ გათეთრდება ყორანი“, როგორც გენერალი გუჯარ ყურაშვილი ჰყვება. (ხელმისაწვდომია ინტერნეტში) აკია ბარბაქაძემ, ოჩამჩირის გადასარჩენად წარმოებულ თავდაცვითი ბრძოლის დროს, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ქვეყანას, თვითნებურად მიატოვა ფრონტის ხაზი და თბილისში გამოქუსლა. მოგეხსენებათ, ოჩამჩირე, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს დაეცა.

 

აი, ეს ნაცოდვილარი სულის კაცი ლანძღავს დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, აი, ეს თანამედროვე წიწოლა ცდილობს უბინძურესი ფეიკებით ჩირქი მოსცხოს თავის ყოფილ თანამშრომლებს, რომლებიც ამჟამადაც ღირსეულად ემსახურებიან საქართველოს და მისგან განსხვავებით არასოდეს გამოქცევიან მტერს.

 

ეს პროფესიონალი არაკაცი, იმის მაგივრად, რომ სადმე ჩირგვში იჯდეს და თავის არსებობით გუნებას არ უფუჭებდეს ღირსეულ ოფიცრებს, სხვადასხვა ეთერებში, ხან „როენა მამიდასთან“, ხან „ფილდ კომანდერ“ „ჩასვრილ მელაძესთან“ აფრქვევს სიცრუეს და ცილისწამებას ქართულ ჯარზე.

 

მიზეზს არ იკითხავთ? ჩვეულებრივი, ბანალური, ფული! ფულს იღებს ნაც. პარტიისგან, რათა ტალახში ამოსვაროს თავდაცვის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელობა. მოღალატე კაცისგან რა უნდა გვიკვირდეს, მაგრამ თუ ოდნავ მაინც შერჩა რაიმე სულში წიწოლა ბარბაქაძეს, ნაცების მიერ ქართული ჯარისგან მოპარული ფულით შეძენილ საჭმელს როგორ ირგებს!? კაცი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სამხედრო წარსული, თავი გამოიჩინა მხოლოდ გამსახურდიას მომხრეთა დახვრეტით, არ ყოფილა არც ლეიტენანტი, არც უფროსი ლეიტენანტი, არც კაპიტანი, არც მაიორი, არც ვიცე პოლკოვნიკი, ისე გახდა თენგიზ კიტოვანის პოლკოვნიკი.

 

მეტიც, მისი კაცად ჩამოყალიბება უცდია თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს, რომელმაც აკია გერმანიაშიც კი გაუშვა 3-6 თვიანი კურსების გასავლელად, უკიდურესად დაბალი აკადემიური მოსწრების გამო, მას აგდებდნენ სამხედრო სასწავლებლიდან, დ. თევზაძემ გერმანიის ელჩის და სამხედრო ატაშეს დახმარებით, როგორც იქნა სამადლოდ გამოიტაცა მისი სასწავლებლის დამთავრების სერტიფიკატი.

 

გაგიკვირდებათ და ეს სუბიექტი 2016-2018 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (გულისამრევად საკითხავია ვინ გაუწია რეკომენდაცია) სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, აკია ბარბაქაძე ყველაფრის კადრებით არის დაკავებული, მამუკა ყურაშვილთან, ზაზა გოგავასთან, დევი ჭანკოტაძესთან ერთად ფიქრობს ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას (ეს საქმე იცის კარგად), რათა ნაცპარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, როგორც თავის დროზე ზ. გამსახურდიას მომხრეებს, ისე გაუსწორდეს ნაცთა მოწინააღმდეგეებს სისხლიანი ანგარიშსწორებით. არ გამოვა, აკია, ეგ ამბავი, დრო და სივრცე არ აგერიოს და ქართველებმა არ გამოგიტანონ განაჩენი ძველზეც და ახალზეც“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner