logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა მორიგი ზეპირი მოსმენა გამართა
- +

10 ოქტომბერი. 2022. 19:32

 

 

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თემატური მოკვლევის - „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ ჯგუფმა, თემატური მოკვლევის ექსპერტთან ერთად, საქართველოში მოქმედ საბანკო და საფინანსო-საკრედიტო სფეროს წარმომადგენლებს მოუსმინა. 

 

სამუშაო შეხვედრაზე ქალი მეწარმეების ფინანსურ რესურსზე წვდომის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, ფინანსური რესურსის გამცემი ორგანიზაციების გამოცდილებები განიხილეს.

 

„თემატური მოკვლევის ფარგლებში მოსმენების მეორე ეტაპი გაიმართა. ვუსმენდით ეროვნულ ბანკს, კერძო ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე საფინანსო ასოციაციებს. მათთან ერთად გავდიოდით იმ ბარიერებს, რომლებიც მეწარმე ქალებს ექმნებათ ფინანსურ რესურსზე წვდომის თვალსაზრისით და ასევე იმ შესაძლო გამოსავალზეც ვისაუბრეთ, რამაც მეწარმე ქალებისთვის უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ფინანსური რესურსები ქვყანაში“, - განაცხადა თემატური მოკვლევის ხელმძღვანელმა და მთავარმა მომხსენებელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. 

 

მისი თქმით, მხოლოდ ფულად რესურსზე წვდომა არ არის საკმარისი და საჭიროა ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობაც. 

 

„შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ფინანსური განათლების საჭიროებაზე, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რასაც თავად მეწარმე ქალები, მუდმივად აღნიშნავენ. მნიშვნელოვანია ფინანსურ რესურსთან ერთად, ქალებს ჰქონდეთ შესაბამისის ინფორმაცია და ცოდნა, თუ როგორ დაიწყონ, განავითარონ ბიზნესი და მოიპოვონ მხარდაჭერა“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

თემატური მოკვლევის ჯგუფი მომდენო ზეპირი მოსმენას სახელმწიფო უწყებების  წარმომადგენლებთან გაიმართავს. 

 

მოკვლევა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ხელშეწყობით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner