ავტორი ალა გრიგალაშვილი
„კოალიციაში ყოფნა ნიშნავს აზრთა სხვადასხვაობას და შემდეგ ამ აზრების შეჯერებას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ „რეპორტიორს" განუცხადა. მისი თქმით, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის განსხვავებული მოსაზრება კოალიციის დაშლის მიზეზი ვერ გახდება.
„ქართულ ოცნებაში" განსხვავებული პოზიციების მქონე პოლიტიკური ძალები არიან გაერთიანებული. მათ შორის სხვაობაა თუნდაც ეკონომიკურ ხედვებთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, რომ ქვეყანა გამოვიდეს არსებული რთული მდგომარეობიდან, ამიტომ ასეთ რეალობაში საკონსტიტუციო ცვლილებაზე აზრთა სხვადასხვაობა ვერ გახდება კოალიციის დაშლის მიზეზი.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას, ვფიქრობ, ეს არის კარგი და მნიშვნელოვანი ინიციატივა. მე რამდენადაც მოვისმინე კომენტარები, ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღების კატეგორიული წინააღმდეგი არავინ არ არის. უბრალოდ, აქ საუბარია ისეთ დეტალებზე, რომ ხომ არის უკვე მოწესრიგებული ეს საკითხი სამოქალაქო კოდექსით. პირადად მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებას და იმედი მაქვს, ჩემი კოლეგები პარლამენტში, მიუხედავად იმისა, არიან ისინი ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებას. მაშინ გამოჩნდება, რამდენად გულწრფელია მათი დამოკიდებულება ისეთი ღირებულების მიმართ, როგორიც არის ოჯახი", - აცხადებს ჩაფიძე.