საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების სტაჟიორთა კონკურსის შედეგად გამოვლენილ წარმატებულ კანდიდატებსა და სტაჟირების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თეა წულუკიანმა წარმატება და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა მათ. მინისტრმა კულტურის სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდების როლის გაძლიერებასა და ახალი, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
კონკურსის შედეგად შეირჩა 24 კანდიდატი, რომლებიც მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე, სამინისტროს აპარატსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებში ანაზღაურებად სტაჟიორებად იმუშავებენ, კერძოდ: რვა სტაჟიორი დასაქმდა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფებში, მათ შორის - გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმში, ქართული სპორტის მუზეუმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. 11 სტაჟიორი შეარჩიეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სამუშაოდ, სადაც ახალგაზრდები გამოცდილებას გაიღრმავებენ არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების, მონიტორინგის, ძეგლთა რეაბილიტაციის, ნებართვებისა და ექსპერტიზის სამსახურებსა და ადმინისტრაციაში. ორი ახალგაზრდა დასაქმდა სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოში, სადაც ისინი ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებენ პროგრამების მართვის დეპარტამენტში საერთაშორისო და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით. სტაჟირების პროგრამით სამი ახალგაზრდა დასაქმდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, იურიდიულ დეპარტამენტში.
დეკემბრის ბოლომდე 24-ივე სტაჟიორი ანაზღაურებად (400 ლარი) სტაჟირებას გაივლის. წარმატებულ სტაჟიორებს 2023 წლის იანვრიდან ან გაუგრძელდებათ სტაჟირების ვადა, ან დასაქმდებიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციაში ახალგაზრდა სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი მიმდინარე წლის ივნისში გამოცხადდა. სტაჟიორთა კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა. ამ მიზნით კულტურის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციები ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნიან დამოუკიდებელ სამუშაო გარემოსა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისთვის საჭირო პირობებს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 25 წელს და რომლებიც აკმაყოფილებდნენ შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის მეორე ნახევარში კვლავ გამოცხადდება კონკურსი სტაჟიორთა მეორე ნაკადის შესარჩევად.