logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტრომ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანსა“ და მომღერალ ლელა თათარაიძეს ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
- +

11 ოქტომბერი. 2022. 18:09

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ „ბასიანსა“ და მომღერალ ლელა თათარაიძეს საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ანსამბლ „ბასიანის“ წევრები და მომღერალი ლელა თათარაიძე, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი სასცენო სამოსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა კი მაღალი ხარისხის, სპეციალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა.

დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის ახალი სამოსი არ შეუძენია, რის გამოც სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცხადდა ორი ტენდერი. 2021 წლის დეკემბერში გამოიყო 197 999 ლარი 12 სხვადასხვა ანსამბლისთვის საჭირო სასცენო სამოსისა და აქსესუარების შესაძენად. ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ფაფანაკი“ ანსამბლებს ეტაპობრივად გადასცემს მათთვის შეკერილ სასცენო სამოსს. მეორე ტენდერი სამინისტრომ 8 ივნისს გამოაცხადა. გამოიყო 141 000 ლარი, რომლითაც დაიგეგმა სამოსის გადაცემა კიდევ რვა ფოლკლორული ანსამბლისთვის. ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.

ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ 2000 წელს საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნა, 2013 წელს კი მას სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა. დაარსების დღიდან ანსამბლი „ბასიანი“ აქტიურად ჩაება ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის პოპულარიზაციის საქმეში. მან ექსპედიციებითა და კონცერტებით მოიარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, აღადგინა და გააცოცხლა სიმღერა-გალობის არაერთი მივიწყებული ნიმუში, მონაწილეობდა ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში, კონცერტები გამართა მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებსა და უნივერსიტეტებში, როგორიცაა: მადრიდის Auditorio Nacional de Musica; ამსტერდამის Concertgebouw-Gulbekian-ი; ლისაბონის Great Hall-ი (ერთობლივი კონცერტი სახელგანთქმულ ქართველ პიანისტ ლექსო თორაძესთან ერთად); იუნესკოს სათავო ოფისი (საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანსამბლმა ერთობლივი კონცერტი გამართა სახელოვან ქართველ პიანისტ ელისო ბოლქვაძესთან ერთად); დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის სანკტ-პეტერბურგის აკადემიური ფილარმონიის დიდი დარბაზი; ფრანკფურტის რადიო hr2kultur-ი; ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი (ლინკოლნის ცენტრის White Light Festival-ი), ნიუ-იორკი (2012, 2019); Stanford Live’s Bing Concert Hall-ი, CA; Cal Performances-ი, CA; The Town Hall-ი, NY; Krannert Center For the Performing Arts, IL; გამოფენის „საქართველო-ღვინის სამშობლო“ საზეიმო გახსნა ბორდოსა (საფრანგეთი) და ტოკიოში (იაპონია) დაბოლოს, ანსამბლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - ნიუ-იორკის სახელგანთქმულ ლინკოლნის ცენტრ Mostly Mozart Festival-ში (ელის ტულის დარბაზი, 2010) კონცერტი - „ბახი და მრავალხმიანობები'', რომელზეც „ბასიანმა“ბახის, ლიგეტის, ქსენაკისის და სხვა გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებების გვერდით წარადგინა ქართული ტრადიციული რეპერტუარიც. ეს მოვლენა განსაკუთრებულია არა მხოლოდ „ბასიანის“, არამედ ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ „ბასიანის“ წარმატებული გამოსვლები არაერთგზის გააშუქა ამერიკულმა და ევროპულმა გამოცემებმა: The New York Times-მა, ‘Wall Street Journal-მა, Los Angeles Times-მა, New York Music Daily-მ, ‘Herald-Tribune-მა და სხვ. სტატიის ავტორები ქართულ ტრადიციულ პოლიფონიას ზეციურ ხმოვანებას ადარებენ, „ბასიანს“ კი არაამქვეყნიურს, მომაჯადოებელს უწოდებენ. ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ: „ბევრ უკვე ცნობილ შემსრულებელთა შორის ფესტივალში მონაწილეობდა მამაკაცთა გუნდი „ბასიანი“ საქართველოდან. ანსამბლმა შეასრულა ორგანყოფილებიანი კონცერტი, დამყარებული უძველეს ტრადიციებში ჩაძირულ მკვეთრ ჰარმონიაზე. მათ Alice Tully Hall-ის სცენაზე, ძლიერი კონკურენციის ფონზე, სრულად მიისაკუთრეს შოუს წარმატება“ („ნიუ-იორკ ტაიმსი“, 15 აგვისტო, 2010).

ანსამბლმა დღემდე ჩაწერა და გამოსცა ტრადიციული სიმღერა-გალობის 300-მდე ნიმუში, რომლებიც სხვადასხვა ალბომში ერთიანდება და მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

ცნობილი მომღერალი და სიმღერების ავტორი ლელა თათარაიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში მშობლიურ ალვანში საქმიანობას წარმატებით უთავსებდა თბილისის შემოქმედებით ცხოვრებას. იგი მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში, შემდეგ კი თბილისში, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში უკრავდა. ერთხანს ზემო ალვნის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელადაც მუშაობდა, რასაც სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორული ანსამბლის სოლისტობა მოჰყვა. იმავე დროს საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ „კელაპტრის“ სოლისტი იყო. მან სოფელ ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „თუშეთი“.

1992 წლიდან მუშაობდა მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებლად და მსახიობად. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა ფოლკლორულ ტრიო „ქართულ ჰანგს“. 2000 წელს ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი „კესანე“ ჩამოყალიბდა და ლელა თათარაიძე ამ კვარტეტის უცვლელი ხელმძღვანელია.

იგი ხშირად მონაწილეობდა კულტურულ პროექტში - ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში), პერიოდულად მონაწილეობს ტელე-რადიო გადაცემებში.
2019 წლის 14 აპრილს ფილარმონიის წინ ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნა.
ინფორმაციისთვის: კულტურის სამინისტროსგან ანსამბლს „ბასიანს“ გადაეცა 18 კომპლექტი ჩოხა-ახალუხი, ხოლო ლელა თათარაიძეს - ტრადიციული კაბა ჩოხით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner