თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შექმნილ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დონდუამ და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს.
„ფინანსთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად საინტერესო განხილვა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები განვიხილეთ, რომლებიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმებს გააუმჯობესებს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ სამართალდამცავი სისტემების ზედამხედველობის საკითხებზე და სამწუხაროა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მიუხედავად ჩვენი მხრიდან მათი მოწვევისა, შეხვედრას არ დაესწრნენ“, - განაცხადა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო ჯგუფი მკაფიოდ განსაზღვრული დღის წესრიგის შესაბამისად აგრძელებს მუშაობას და უახლოეს პერიოდში მომზადდება კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, რაც ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში ეფექტიანობის შემდგომ გაძლიერებას მოხმარდება.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მიზნით შეიქმნა.