„უკრაინას სჭირდება ლეტალური და არალეტალური იარაღი. უკრაინას სჭირდება საწვავი, ზამთრის ეკიპირება, საკომუნიკაციო საშუალებები. უკრაინას სჭირდება დახმარება მრავალი მიმართულებით. NATO-ს შეხვედრა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან გვაძლევს საუკეთესო შესაძლებლობას განვსაზღვროთ საჭიროებები და დავგეგმოთ წევრ ქვეყნებს რისი მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
„ახლა გადაუდებელი საჭიროებაა საჰაერო თავდაცვის, მაგრამ სხვა საშუალებებისაც, რაც მოდერნიზებულ და NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებულ აღჭურვილობას გულისხმობს. უკრაინელი სამხედროები ჩვენ მიერ მიწოდებულ იარაღს ეფექტიანად იყენებენ და ამას ყველა ვხედავთ. NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას მიაწოდეს იარაღი და ამით შეამცირეს საკუთარი მარაგები. ეს გააკეთეს, რადგან უკრაინის მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია.
თუ პუტინი მოიგებს ამ ომს, ეს არამხოლოდ უკრაინის დიდი მარცხი, არამედ სახიფათო იქნება ყველასთვის. მსოფლიო უფრო საშიში გახდება და უფრო მოწყვლადი გავხდებით რუსეთის ყველა შემდგომი აგრესიის შემთხვევაში. ამიტომ ვიყენებთ NATO-ს მარაგებს უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო მეტი საჭიროება იქმნება, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა შეძლონ მარაგების შევსება. ახლა ვმუშაობთ წარმოების გაზრდის შესაძლებლობებზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.