logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება საქართველოს პრიორიტეტია, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი ინტელექტუალურ საკუთრებას უკავია
- +

12 ოქტომბერი. 2022. 19:30

 

 

 

„ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა. ინტელექტუალურ საკუთრების უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა აჩქარებს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებს ცხოვრების პირობების ხარისხსა და დონეს. ინტელექტუალურ-შემოქმედებითი შრომის პროდუქტზე უფლებების დაცვის სამართლებრივი სისტემის შექმნა ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, დამატებითი რესურსების გამოვლენას და სტიმულს აძლევს შემდგომ ინოვაციებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „ინტელექტუალური საკუთრების უწყებების როლი ეროვნულ ინოვაციურ ეკოსისტემაში“ სიტყვით გამოსვლისას. კონფერენცია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ დაარსებიდან 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭიროა ეკოსისტემის ფორმირება, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინტელექტუალურ საკუთრებას. მისი თქმით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მეშვეობით ხორციელდება არა ერთი პროექტი ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობის, ეკონომიკის ყველა დარგში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირების, ასევე ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნისათვის. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით ასევე, ფინანსდება სხვადასხვა  სტარტაპ და ინოვაციური პროექტები, სამეცნიერო-კვლევითი პროექტები, რის შეფასებას საქპატენტი ახორციელებს. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომლის მისიაა ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

 

ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემის  განვითარების მნიშვნელობას, როგორც ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის ეფექტურ ინსტრუმენტს. მისი შეფასებით, გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შემადგენელი ნაწილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამჟამად, საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 60-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ექსპორტზე გადის.

 

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ მხრივ, საქართველო პირველია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, სადაც ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის გადაწყვეტილებით, პროფესიული განვითარების კურსი ტარდება. ის განკუთვნილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უწყებების წარმომადგენლებისა და შესაბამისი საჯარო უწყებების ექსპერტებისათვის და მიზნად ისახავს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

კონფერენციაზე ასევე მოხსენებებით წარსდგნენ „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური დირექტორი დარენ ტანგი. 

right_banner right_banner
არქივი
right_banner