NATO-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება კონფლიქტის მსვლელობას შეცვლის და თითქმის აუცილებლად გამოიწვევს ფიზიკურ პასუხს უკრაინის მოკავშირეებისა და პოტენციურად NATO-ს მხრიდან. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისთვის უპრეცედენტო შედეგებს მოიტანს.
„ამას [ბირთვული იარაღის გამოყენებას] თითქმის აუცილებლად მოჰყვება ფიზიკური პასუხი მრავალი მოკავშირისა და პოტენციურად NATO-ს მხრიდან“, - აღნიშნა NATO-ს მაღალჩინოსანმა.
11 ოქტომბერს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს არ დაუფიქსირებია რაიმე მინიშნება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.