ნიდერლანდების სამეფომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნიდერლანდების მხარემ აცნობა, მიღებულია გადაწყვეტილება არსებითი პაკეტის კონკრეტული პროექტების იმპლემენტაციაში ნიდერლანდების სამეფოს მონაწილეობასთან დაკავშირებით.
აღნიშნულის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოჰანეს დუმამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2016 წლის 24 აგვისტოს გამართული შეხვედრის დროს აცნობა.
ელჩის ინფორმაციით, ნიდერლანდების სამეფო არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში სხვა პროექტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ასევე თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (Defence Institution Building School) ფინანსური უზრუნველყოფის პროცესში. კერძოდ, ჩაერთვება აღნიშნული სკოლის სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებაში. შეხვედრისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ზოგადად NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მიმდინარეობასა და ორმხრივ ურთიერთობებზე.
შეხვედრის დასასრულს დავით დონდუამ მადლობა გადაუხადა იოჰანეს დუმას არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების სამეფო კვლავაც გააგრძელებს უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერას.