რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს განუცხადა, რომ თურქეთი ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანზიტის ყველაზე საიმედო მარშრუტია.
„რაც შეეხება ნახშირწყალბადების სხვა რესურსებს, მათ შორის გაზს, ჩვენი მიწოდება სრული მოცულობით ხდება. ასევე ვახორციელებთ ტრანზიტს ევროპის ქვეყნებში თურქეთის გავლით. დღეს თურქეთი ევროპაში გაზის მიწოდების ყველაზე საიმედო მარშრუტი აღმოჩნდა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას განუცხადა, რომ თურქეთს დახმარების გაწევა შეუძლია რუსული მარცვლეულისა და სასუქის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ტრანსპორტირებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ თურქეთისა და რუსეთის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლოა დისკომფორტი შექმნას ზოგიერთ წრეებში, ეს ნაბიჯი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს გაახარებს“, - აღნიშნა ერდოღანმა.