logo_geo
eng_logo
თენგიზ გაჩეჩილაძე: უნიკალური მოღვაწე - 70! იუბილეს გილოცავ, ძვირფასო მეგობარო!
- +

16 ოქტომბერი. 2022. 13:18

 

 

თავიდანვე ვიტყვი: დიდ პატივად მივიჩნევ, მკითხველს ჩემი აზრი და შეხედულება მოკრძალებულად  გავუზიარო იმ ადამიანის შესახებ, რომლის ღვაწლს, როგორც ეს ტრადიციად  მოგვდგამს, უფრო ღირსეულად მომავალი დააფასებს. დღეს უკვე 70 წლის პაატა ნაცვლიშვილზე მოგახსენებთ. იქით, მეოცის ბოლო და აქეთ, ოცდამეერთე საუკუნის  დასაწყისი სიმბოლურად კრავს ამ პიროვნების შემოქმედებას და თან გვაფრთხილებს, თან იმედს გვინერგავს, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც წარსულისა და აწმყოს გამაერთიანებელ ხიდს შეუდგებიან გამამყარებელ ბურჯად, გაასხივოსნებენ მომავლის გზასავალს.

 

გამარჯობა, პაატა! ეს სიტყვები და შენთან შეხვედრა ყოველთვის მახარებს და არ დაგიმალავ, მაამაყებს კიდეც. მით უმეტეს დღეს, როცა შენი დაბადების საიუბილეო თარიღს ვზეიმობთ.

 

„მოღვაწე“ – ეს კეთილხმოვანი ქართული სიტყვა – საოცრად ტევადია.  მოღვაწე ბევრ სფეროში შეიძლება იყოს, მაგრამ შინაარსით, მასშტაბით  და  წონით – „საზოგადო მოღვაწე“ მაინც შეუდარებელია! 

 

სიტყვა  „მოღვაწესთან“ ალექსანდრე ნეიმანს თხუთმეტი სინონიმი აქვს მოხმობილი თავის ლექსიკონში. შეავლეთ თვალი ჩამონათვალს და დარწმუნდებით, როგორ საოცარ თანხვედრაშია თითოეული მათგანი  პაატა ნაცვლიშვილის ღვაწლთან. მეტიც, რაღაცის დამატების სურვილიც  გაგიჩნდებათ უეჭველად. აქვე უმალ გაიაზრებთ, რომ თანამედროვეთაგან პრაქტიკულად იმდენი ნამდვილად არავის გაუკეთებია საზოგადოებრივ სფეროში, რამდენიც  მან  შეძლო.

 

წარმოიდგინეთ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენთვის თითქმის დღემდე მოუშორებელი  დაძაბული, ქაოტური რეალობა და ამ რეალობაში მოქცეული ენერგიული და მიზანსწრაფული ადამიანი, უმაღლესი რანგის პროფესიონალი, ახალგაზრდობიდანვე პოპულარული ჯერ პოეტი და მერე ჟურნალისტი, რომელიც სამსახურებრივი თუ პროფესიული საქმიანობის გარდა, შინ თუ გარეთ ქართულ საქმეს რისკის ფასად ემსახურება; ადამიანი, რომელიც ყველგან და ყველაფერში „ქართულ კვალს“ ეძებს, რომელიც ტოტალურ უდროობაში ყველაფრის მოსწრებას ცდილობს, რადგან თავისი დრო აქვს ყველაფერს, ხოლო დროის შეგრძნება და მისი მნიშვნელობა ისტორიისთვის პაატას ნამდვილად არ ესწავლება.

 

პაატა ნაცვლიშვილი მუდამ საქმით ამტკიცებს, რომ დიდი მამულიშვილების ღვაწლის ერისთვის სანთლად ანთებას მათივე დარი  პატიოსნებით უნდა მოჰკიდო ხელი. ნიჭი, კეთილშობილება და თავმდაბლობა, საერთოდ, ადამიანური ღირსებების ერთ პიროვნებაში თანხვედრა რჩეულთა შორის გამორჩეულების ხვედრია და ამიტომაც  იშვიათობაა. ეს იშვიათობა პაატას სულიერი სიმდიდრეა, რასაც  დამნახავი კარგად ხედავს და გრძნობს.

 

ბევრმა იცის, დაუკმაყოფილებლობის ჩუმი გრძნობით რომ ცხოვრობს და მისგან რაღაც გამორჩეულად მნიშვნელოვანისკენ ახალი, თამამი ნაბიჯის გადადგმაც არ აყოვნებს. სულ ცდილობს, არავინ შეაწუხოს, გამოწვევას მეტწილად მარტო იღებს და უმკლავდება.  ბოლოს კი ყველაფერი  გვირგვინდება ისე, როგორც თავიდანვე ჩაიფიქრა და როგორც სურდა – საზოგადოების გასახარად  და საამაყოდ!

 

უსასრულო ძიებით და მუხლჩაუხრელად რასაც აკეთებდა და აკეთებს,  მისი როგორც უნივერსალური სპეციალისტის და პიროვნების სრულყოფასაც  ემსახურება.

 

ახალგაზრდა კაცი, მთელი ოთხი წლით ოჯახს, ჩვეულ ყოველდღიურობას, სამშობლოს რომ მოსწყდება და გულის კარნახით, ბავშვობის ოცნების ასახდენად მატროსად წავა შორეულ ნაოსნობაში, არგონავტთა კვალს ადევნებულ ტივ სევერინს რომ დაუდგება გვერდით იმ ცნობილ ექსპედიციაში, მთებში სიარულს მრავალწლიან გატაცებად რომ გაიხდის და ვერა და ვერ მოიშლის, როგორ ფიქრობთ, რა უნდა ამოძრავებდეს?

 

ისტორიას ახასიათებს დროში თმენა. 300 წლის ლოდინის შემდეგ გაჰყვა სულხან-საბა ორბელიანის კვალს ქართველი ევროპაში. ვერ გეტყვით, რა იყო შთაგონების მიზეზი, მაგრამ მიზეზი რა სახსენებელია პაატა ნაცვლიშვილთან!

 

რამდენი რამ დავიწყებას გამოსტაცა, გადაარჩინა და შემოუნახა შთამომავლობას. რაც მთავარია, შეგირდი სტუდენტობა ხარბად ეწაფება საზოგადო მოღვაწის, პროფესორ  პაატა ნაცვლიშვილის ცოდნასა და გამოცდილებას, ადამიანურ ღირსებებს –  თავისთავად.

 

ჟურნალისტიკასა თუ საგამოცემლო საქმეში აღმასვლის გზაზე პაატამ  გაიარა ყველა საფეხური. თანაც ისე, რომ ყველგან ორიგინალური და განუმეორებელი კვალი დატოვა. დღეს ყველა გაზეთი, ნებისმიერი მედია მთლიანად კომპიუტერულია, პაატამ კი, დროის წინმსწრებად,  ჯერ კიდევ მაშინ გაგვაოცა საქართველოში პირველი კომპიუტერული გაზეთებით, როცა ჩვენში სულ რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი იყო, ხოლო ქართული ფონტები არ არსებობდა და მას თავად უწევდა ქართულ კომპიუტერულ შრიტფებზე ზრუნვა. მის მიერ ილია ჭავჭავაძის ხელნაწერის მიხედვით შექმნილ ორიგინალურ შრიფტს „სამშობლო“ დაარქვა. პაატა ნაცვლიშვილის ნიჭით და ცოდნის დაღდასმულ  გამოცემებს საპატიო ადგილი აქვთ მიჩენილი ქართული მწერლობის წიგნის თაროზე. „ჟურნალისტიკის გარდა მუშაობს პოეზიაში, პროზაში, დრამატურგიასა და მხატვრულ თარგმანში. არის მრავალი წიგნის ავტორი, შემდგენელი, გამომცემელი, რედაქტორი, დიზაინერი“, – გვახსენებს ვიკიპედია.

 

თანამედროვე საქართველოს საგამომცემლო საქმეში მე მეგულება მხოლოდ სამი რეფორმატორი – არჩილ გოგელია, ვახტანგ რურუა და პაატა ნაცვლიშვილი. გვარების თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, ისევე, როგორც ერთმანეთისგან არ განასხვავებენ საყრდენ სვეტებს.

 

მსოფლიოში პირველი სიმღერა შოთა რუსთაველის ტექსტზე რომ შენ სახელთან იქნება დაკავშირებული, უკვე დაფნის გვირგვინს იმსახურებ, უკვე ჩემპიონი ხარ, – მარადიული ჩემპიონი! 

 

ყველაფერი, რაც  გამოსულია პაატას  ხელიდან და გონებიდან,  მხოლოდ გამორჩეულია, ახალი სიტყვაა,  გზის მაჩვენებელ-მანათობელია. ამაში შთამბეჭდავად დაგარწმუნებთ თუნდაც მისი მხოლოდ ბიბლიოგრაფიის თვალი შევლებაც კი.

 

პაატას დაუოკებელი ენერგია და განსწავლულობა დიდად წაადგა ქართულ სპორტსაც ეროვნულ ოლიმპიურ მოძრაობას – განსაკუთრებით! ლომის წილი დაიდო მან საქართველოში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ჩამოყალიბებასა და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური მოძრაობის განმტკიცებაში. საერთოდ, ამ  საოცარი მოღვაწის  სისხლსავსე შემოქმედებითი ცხოვრებიდან ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, ამას არც ვისახავ მიზნად და ვერც შევძლებ.

 

მთლიანობაში რომ გადავავლე თვალი პაატას ნაღვაწს, უმალვე გაჩნდა კითხვა – ამდენი როგორ მოასწრო?! როგორ შეძლო?! ამ  „შეუძლებელში“ კი მთავარი მაინც ისაა, თითქოს ბედუკუღმართობით მივიწყებული ისტორიის ზოგიერთი მოვლენის გაცოცხლება და ჩვენამდე მოტანა სხვათა ნაცვლადაც მან ითავა. და ეს ყველაფერი იტვირთა უხმაუროდ: არაფერი – ფაქტის დაფიქსირებაზე მეტი. და, რაც მთავარია, დაუღალავად, თავაწეული მიჰყვებოდა და მიჰყვება  არჩეულ გზას.

 

მისთვის ყველაფერი  ძვირფასი და ღირებულია და არცაა გასაკვირი, რომ სხვებზე უკეთ ხედავდეს ამ ფასეულობათა სამომავლო მნიშვნელობას.

 

ვინც სიამაყით იხსენებს ჩვენ სახელოვან წინაპარ საზოგადო მოღვაწეთა ქველმოქმედებას ქართული სულიერების ამაღლების საქმეში და იქვე დანანებით ამბობს, რომ ის დრო წავიდა, მათ გასაგონად ვიტყვი: არა, მთლად ასეც არ არის საქმე. მიმოიხედეთ, თუ  ჯერაც არ იცნობთ, გაეცანით პაატა ნაცვლიშვილის ნაღვაწს და უთუოდ დაგეუფლებათ ოპტიმიზმი, დაგიბრუნდებათ რწმენა იმისა, რომ ჯაჭვი მემკვიდრეობითობისა არ გაწყვეტილა. ამ ფუნქციისა თუ მისიის დიდი წილი ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთულ  პერიოდში  იკისრა პაატა ნაცვლიშვილმა. რაც შეძლო, მთელი სულით და გულით გააკეთა ყველაფერი, თავის ხალხსა და ქვეყანას მიუძღვნა უანგაროდ.  ასე რომ,  საზოგადო მოღვაწის მანტია წარსულში ნამდვილად არ ჩარჩენილა, მის სიკეთეს არც საზოგადოება გადაჩვეულა, უბრალოდ გულის თვალით უნდა დავინახოთ რეალობა...

 

არადა, მართლაც  რატომ უნდა გრჩებოდეს ადამიანს იმის განცდა, რომ თანამემამულეთა ღვაწლის ჯეროვნად შეფასება-დაფასების გზა ჯერაც გასავლელია?!

 

ბოლო წლებში სულ ვეძებდი შესაფერის ვითარებას, რომ ხმამაღლა მეთქვა, რასაც ვფიქრობდი ამ მართლაც უნიკალურ პიროვნებაზე. ბოლოს და ბოლოს, ოლიმპიურ ჩემპიონ რობერტ შავლაყაძეზე პაატას ბრწყინვალე წიგნის, უნიკალური გამოცემის პრეზენტაციაზე ვთქვი:

 

„ჩვენ გვყავს თანამედროვე საზოგადო მოღვაწე, თანაც მრავალმხრივი და ეს იცის ყველამ, ვინც მის შემოქმედებას ადევნებს თვალს. მაგრამ დადგა იმის დროც, მთელმა ჩვენმა საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს მისი ღვაწლის შესახებ“.

 

იუბილეს გილოცავ, მრავალჟამიერ, ძვირფასო მეგობარო!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner