გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე მარტინ გრიფიტსი მოსკოვში ჩავიდა, სადაც მარცვლეულის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია TASS დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თქმით, რუსეთის ფედერაციაში გრიფიტსის ყველა შეხვედრა დახურული ხასიათის იქნება, პროგრამა ჯერ კიდევ ზუსტდება.
მანამდე TASS-ის წყარომ განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს მოსკოვში დაგეგმილი აქვს შეხვედრები თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სერგეი ვერშინინთან.
უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სურსათის ექსპორტის შესახებ შეთანხმებები 22 ივლისს 120 დღის ვადით დაიდო. ამრიგად, მათ ვადა ნოემბრის მეორე ნახევარში ეწურებათ. გაერომ არაერთხელ მიუთითა, რომ ისინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების მომხრე არიან. ამავდროულად, ხელშეკრულებების მეორე ნაწილი - ურთიერთგაგების მემორანდუმი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და გაეროს შორის რუსეთიდან სურსათისა და სასუქების ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ - სამი წლის ვადით დაიდო.