logo_geo
eng_logo
გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
- +

17 ოქტომბერი. 2022. 15:03

 

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, ელენე ჟურავლიოვამ გახსნეს.

 

თამარ ალადაშვილმა  სტუდენტებს ცენტრის აქტივობები გააცნო და ყურადღება გაამახვილა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამაზე, რომელიც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსმცოდნეობის, ეკოლოგიის, ბუნებრივი გარემოსა და ველური ბუნების, ბუნებათსარგებლობის, გეოლოგიის, ჰიდროლოგიის, გარემოს დაცვის ტექნოლოგიის მიმართულებების წარჩინებულ სტუდენტებს 1500 ლარიანი სტიპენდიის მოპოვებისა და შესაბამის უწყებებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას აძლევთ.

 

შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა დარგის პასუხისმგებელმა პირებმა ახალგაზრდებს კლიმატის ცვლილების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის, ბიომრავალფეროვნებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები გააცნეს.

 

შეხვედრას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების და ასევე, გარემოსადაცვითი თემებით დაინტერესებულ სხვა სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ინიციატივის „მართველობის რეფორმის ფონდის“ (GRF) ფარგლებში ჩატარდა.

 

სტუდენტებთან შეხვედრა გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღის ფარგლებში გაიმართა. გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღის აღნიშვნა გარემოსდაცვითი განათლების პირველ მთავრობათშორის კონფერენციას უკავშირდება, რომელიც 1977 წლის 14-26 ოქტომბერს, თბილისში ჩატარდა. კონფერენციაზე მიიღეს „თბილისის დეკლარაცია“, რომელიც წარმოადგენს პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკის დოკუმენტს გარემოსდაცვითი განათლების სფეროში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner