logo_geo
eng_logo
რა სურს ამერიკას?! (წერილი პირველი)
- +

17 ოქტომბერი. 2022. 16:45

 

 

საღი აზრის პოზიციებიდან, სულ უფრო გაუგებარი ხდება, რა სურს ამერიკას. ვითარების ობიექტურ ანალიზს, ერთმნიშვნელოვნად, მივყავართ იმ შეფასებამდე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთელი ძალისხმევა, საგარეო კურსთან დაკავშირებით, ცნობილი კონსტიტუციური ჩანაწერის რეალიზებისკენ არის მიმართული. ამ პროცესში ჩვენი მხრიდან წინა პლანზე ერთადერთი პირობაა გამოტანილი - საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ყველა გადაწყვეტილება ქართველი ერის საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამის საპირისპიროდ, ბევრჯერ აღმოვჩენილვართ ფაქტის წინაშე, რომ ჩვენს მაგივრად სხვაგან თურმე სხვანაირად უფიქრიათ და... ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან სრულიად შეუსაბამო, შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიუღიათ.

 

საქართველოს ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ როცა საქმე პატარა სახელმწიფოსა და ზესახელმწიფოს შორის ურთიერთობას ეხება, თანასწორუფლებიანობა და პარტნიორობა არ ნიშნავს თანასწორობას. ასეთ პარტნიორობაში ზესახელმწიფოს როლიცა და პასუხისმგებლობაც გაცილებით მაღალია და აქედან გამომდინარე, მისი, როგორც ლიდერის და თუნდაც მოკარნახის უპირატესობებიც უნდა იქნეს აღიარებული, მაგრამ ზემოხსენებული პირობა, რომ ეს ურთიერთობა „პატარა“ პარტნიორისთვის არ უნდა იყოს ზიანის მომტანი, მუდამ უნდა რჩებოდეს ძალაში. უფრო კონკრეტულად - ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩვენ ვითხოვთ ისეთივე დამოკიდებულებას, რაც მას აქვს ესტონეთთან, სლოვაკეთთან, ბულგარეთთან და სხვ.

 

წინამდებარე წერილის მთავარ სათქმელზე ბევრჯერ მისაუბრია, ამიტომ წინასიტყვაობებისა და მიკიბულ-მოკიბულების გარეშე ვიტყვი - ნეოკოლონიალიზმი და პატრონყმური ურთიერთობები, რაც ახალი „უფროსი ძმების“ მიზნებსა და ამოცანებში აშკარად არის გამოხატული, ჩვენს მრავალტანჯულ ქვეყანაში ფეხს ვეღარასდროს მოიკიდებს.  

 

დიდი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილის, „საარჩევნო გადატრიალებების“ ყველა მცდელობის ჩავარდნის შემდეგ, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების კოორდინირებით, ამოქმედდა ზეწოლის კომპლექსური გეგმა, პირობითი სახელწოდებით - „მეორე ფრონტი“, ან „საზარბაზნე ხორცი - 2“.

 

საქართველოს ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის წყალობით, ამ ეტაპზე, მოვახერხეთ სამშვიდობოს გასვლა. ფერებს რომ არ ვამუქებ, ამაზე ისიც მეტყველებს, პერიოდულად რომ „აღმოვაჩენთ ხოლმე“, რომ წინა აბზაცში ნახსენები კომპლექსური გეგმის ყველა „დეტალი“ თურმე ჯერ კიდევ არ გვცოდნია. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, ერთპროცენტიან ვაშაძეს „წამოცდა“, გაზაფხულზე ამერიკელები დიდძალი შეიარაღების შესყიდვას „გვირჩევდნენ“, რაზედაც მმართველი გუნდისგან ცივი უარი მიიღოო. საქმეში ჩაუხედავი კაცი, ბუნებრივია, იკითხავს, ასეთ საჭირო საქმეზე უარი რატომ უნდა გვეთქვაო? მაგრამ,.. თურმე ნუ იტყვი და ამის სანაცვლოდ, ჩვენს არსენალებში დასაწყობებული შეიარაღება უნდა გადაგვეცა უკრაინის ჯარისთვის. არ არის ძნელი იმის მიხვედრა, რომ სანქციებთან შეერთებისა და მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნებთან ერთად, მეორე ფრონტის პროვოცირების კიდევ ერთი მექანიზმის გამოყენების მცდელობასაც ჰქონია ადგილი.

 

სულ ახლახან, სოზარ სუბარმა მორიგი შესაძლო პროვოკაციის შესახებ ჩაგვაყენა საქმის კურსში. მისი ვარაუდით, როგორ ზედმიწევნითაც არ უნდა შევასრულოთ თორმეტპუნქტიანი დავალება, არსებულ რეალობაში უარის ალბათობა გაცილებით მეტია, ვიდრე თანხმობისო და იქვე გაგვაფრთხილა - არ არის გამორიცხული, ზეწოლის შემდეგ მექანიზმად გამოყენებულ იქნეს უვიზო რეჟიმის გაუქმებაო.

 

ერთი სიტყვით, ქვეყნის დაცვისა და გადარჩენისთვის ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის, ამიტომ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. მითუმეტეს, როცა „მეგობარი სახელმწიფოს“ ყველა მოქმედებაში აშკარად ჩანს, რომ არ აპირებს „არჩეული კურსიდან“ გადახვევას.

 

მართლა არ მესმის, როცა ხელისუფლების მიერ ერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ არ იქნება გაზიარებული ქართველი ხალხის საზიანო არცერთი გადაწყვეტილება და რომ საქართველო არ დაუშვებს ნეოკოლონიურ დამოკიდებულებებს არცერთი სახელმწიფოს მხრიდან და როცა ხედავ, რომ მას ამაში ქვეყნის მოსახლეობის სრული მხარდაჭერა აქვს, რატომ უნდა გინდოდეს, მოირგო მგლისა და კრავის იგავიდან მთავარი პერსონაჟის რუხი კოსტიუმი?

 

ცხოვრებისეული გამოცდილება გვასწავლის - როცა დასახული ამოცანის გადაჭრას ვერ ახერხებ, მეთოდები უნდა შეცვალო, ხოლო როცა ყველა ხერხი და მეთოდი უკვე ნაცადია, გონიერება მოითხოვს, შეცდომა შენ თავთან მაინც აღიარო და ახალი ამოცანა განსაზღვრო.

 

ხანდახან მეჩვენება, ოფიცერმა დეგნანმა იმდენად პირადულში გადაიყვანა მისი ხელმძღვანელობის მიერ დასმული „საბრძოლო ამოცანების“ ვერშესრულება, რომ დროთა განმავლობაში სრულად დაკარგა კონტროლი საკუთარ საქციელზე მეთქი. ამ ფიქრებს თავისთავად მოჰყვება ხოლმე იმედი, რომ „ზევით“ ვიღაც შეწუხდება და შეეცდება ურთიერთობების ახალ რელსებზე გადაყვანას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირის, ქალბატონი ჯენკინსის საქართველოში ვიზიტმა, სამწუხაროდ, დაგვანახა, რომ პოზიციების გადასინჯვა „ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას“.

 

პროგნოზების უმრავლესობა იმ ვარაუდისკენ იხრება, რომ ომი უკრაინაში, ყველაზე მცირე, ერთ წელიწადს მაინც გაგრძელდება. როგორც ჩანს, ამერიკის შესაბამისი სამსახურები თვლიან, რომ ამ დროში თავისი გეგმების რეალიზების შანსი კიდევ ბევრჯერ მიეცემათ.

 

ობიექტური რეალობაა, მოცემულობაა, რომ მარტო ვართ ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მხოლოდ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობა შეიძლება იყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობის გარანტი. ამის დასტურია უკანასკნელი თვეების გამოცდილება. 

 

 

ბიძინა  დვალი

17.10.2022 წ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner