logo_geo
eng_logo
პარლამენტში გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის პროცესი დაიწყო
- +

17 ოქტომბერი. 2022. 19:20

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა  კონსტიტუციური კანონპროექტი,   რომელიც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ადგენს.

 

პროექტის თანახმად,  მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით. თუ  აღნიშნული წესით პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა მოხდება სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით და ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა იქნება ერთი  და არა ექვსი წელი, როგორც ეს 90 ხმით არჩევის შემთხვევაშია გათვალისწინებული.

 

ამასთანავე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის არჩევისას მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს.

 

მომხსენებლის,  იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოდელის მხარდაჭერა უნდა მოხდეს როგორც დროებითი, საგამონაკლისო წესით, რადგან ეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების ერთ-ერთი პირობის შესრულებას უზრუნველყოფს.

 

„ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ შემოთავაზებულია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ისეთი მოდელი, რომელსაც არავითარი საუკეთესო ევროპული გამოცდილება არ გააჩნია და ამასთანავე, ეს არის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სისხლის  სამართლის პოლიტიკის გაგებით უკიდურესად გაუმართავი  შინაარსობრივი  დატვირთვის მქონე ცვლილება. ამის მიღების ერთადერთი გამართლება მდგომარეობს იმაში, რომ ეს იყოს დროებითი წესი, რათა ჩვენ ეს პუნქტი ჩაგვეთვალოს შესრულებულად და საბოლოოდ მოხდეს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ერთადერთი ამ ლეგიტიმური მიზნით შეიძლება იყოს ეს დროებით წესი გამართლებული“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner