logo_geo
eng_logo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა
- +

17 ოქტომბერი. 2022. 19:30

 

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების მიზნით სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების საკითხზე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენას.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილებები შევა  როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ კანონებში, ასევე მათ თანმდევ კანონებში.

 

„ორივე სამსახურის ხელმძღვანელი პირების საქართველოს პარლამენტთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებული იქნება მკაფიოდ გაწერილი ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის კომიტეტის მიერ სამსახურების უფროსების მოსმენის წესის მკაფიოდ განსაზღვრას. რეგლამენტში იქნება ჩანაწერი, რომლითაც  სამსახურები ხელმძღვანელებს ექნებათ პირდაპირ გაწერილი შესაძლებლობა, რომ ისინი მათი მოთხოვნისთანავე წარდგებიან კომიტეტებზე და მათი მოსაზრებები იქნება განხილული.

 

იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა, კერძოდ, კონვენციის დარღვევის შემთხვევაში გამოძიების უფლებამოსილება თუკი აქამდე  მინიჭებული ჰქონდა საქართველოს პროკურატურას,  ეს უფლებამოსილება მიენიჭება სწორედ ამ სამსახურს.

 

ასევე, ფართოვდება ქვემდებარეობა კონკრეტული მუხლების ჭრილში თუ ეს მუხლები ეხება უფლებამოსილების გადამეტებას, ბოროტად გამოყენებას და თუ ეს მუხლები გამოვლენილია  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში.

იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები. კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა თანამშრომლისთვის სპეციალური წოდების მინიჭების შესაძლებლობას, რაც შემდგომ კონვერტირდება შესაბამისი თანამდებობრივ სახელფასო სარგოს გაზრდაში, ასევე კომპენსაციის მიღების უფლების მინიჭებასა და სავალდებულო დაზღვევაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

საკანონმდებლო პაკეტის წარდგენამდე, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო  სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner