logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრმა გერმანელ დიპლომატებს უმასპინძლა
- +

18 ოქტომბერი. 2022. 00:10

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან და თავდაცვის ატაშესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ერნსტ პეტერ ფიშერსა და ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს საქართველოში დიპლომატიური მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა. მან საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თავდაცვის სფეროში საქართველოს გერმანიასთან, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორთან, ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა არასოდეს ჰქონია.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში გერმანიის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა და გერმანულ მხარეს მტკიცე პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის, როგორც ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი ქვეყნის როლი, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს ხელმძღვანელობს, როგორიცაა: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS), სამხედრო-საინჟინრო მიმართულება და სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარება.

 

საუბარი ასევე შეეხო ნატოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის პროექტში სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გერმანიის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ჩართულობასა და უდიდეს ფინანსურ კონტრიბუციას. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე პროცესები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთობლივი საქმიანობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მასთან დაკავშირებული მზარდი საფრთხეებიც მიმოიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner