ოფიციალური თეირანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანი რუსეთისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდებას აპირებს.
„ირანი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა [უკრაინის] ომის გაგრძელებას“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანიმ და დასძინა, რომ ირანი მზად არის მოლაპარაკება აწარმოოს უკრაინასთან ამ ბრალდებების გასარკვევად.
მანამდე სააგენტო Reuters-მა ირანულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანი რუსეთს დაჰპირდა, რომ დრონების გარდა, რაკეტებსაც მიაწვდის.
„რუსებმა მოითხოვეს მეტი დრონები და ირანული ბალისტიკური რაკეტები გაუმჯობესებული სიზუსტით“, - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა დიპლომატმა.
დასავლელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს დაუდასტურა აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ რაკეტების მიწოდების საკითხზე ირანსა და რუსეთს შორის შეთანხმება არსებობს.